კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს როგორც ზრდასრულობაში, ისე ადრეულ ასაკში. ის ხშირად შეუმჩნევლად იწყება – თავდაპირველად კბილის ზედაპირზე მცირე, თითქმის უხილავი დაზიანების სახით, რომელიც არც ტკივილს იწვევს და არც დისკომფორტს. სწორედ ამ მიზეზით, ბევრი ადამიანი მას სათანადო ყურადღებას არ აქცევს და სტომატოლოგთან ვიზიტს აჭიანურებს. არადა, დროული რეაგირება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ეს მარტივი პრობლემა სერიოზულ გართულებებში არ გადაიზარდოს.
რა არის კარიესი, რა იწვევს მას, რატომ უნდა ვუმკურნალოთ მას დროულად და როგორ ხდება მისი პრევენცია? – ბლოგში ამ და სხვა კითხვებზე გავცემთ პასუხს.
რა არის კარიესი და როგორ ვითარდება ის?
კარიესი არის კბილის მყარი ქსოვილების პროგრესირებადი დაზიანება, რომელიც ვითარდება პირის ღრუში არსებული ბაქტერიების აქტივობის შედეგად. როგორც აღვნიშნეთ, თავდაპირველად პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თუმცა დროთა განმავლობაში ის უფრო ღრმა შრეებში ვრცელდება და იწვევს სტრუქტურულ დაზიანებას, შესაბამისად, ტკივილსა და დისკომფორტს.
კარიესის განვითარება ეტაპობრივად ხდება, თითოეული სტადია კი განსხვავებული სიმპტომებით გამოიხატება:
- ზედაპირული კარიესი – ზედაპირული კარიესის დროს დაზიანება მხოლოდ მინანქარზე ვრცელდება. ამ დროს კბილის ზედაპირზე შეიძლება გაჩნდეს თეთრი ან მუქი ფერის ლაქები. უმეტეს შემთხვევაში პაციენტი ტკივილს ვერ გრძნობს, რის გამოც პრობლემა ხშირად შეუმჩნეველი რჩება. სწორედ ამ ეტაპზეა ყველაზე გონივრული მკურნალობის დაწყება – ამ დროს პრობლემის მოგვარებას მხოლოდ მინიმალური ჩარევა სჭირდება.
- საშუალო კარიესი – ზედაპირული კარიესის უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, დაზიანება ვრცელდება კბილის შიდა, უფრო რბილ ფენებში. ამ ეტაპზე უკვე ჩნდება პირველი სიმპტომები, როგორებიცაა მგრძნობელობა ცივი ან ცხელის საკვებისა და სასმლის მიღებისას, ყრუ ტკივილი, დისკომფორტი ღეჭვისას და ა.შ.
კარიესი ამ ეტაპზე უფრო სწრაფად პროგრესირებს, ამიტომ სტომატოლოგთან ვიზიტის აუცილებლობა კიდევ უფრო იზრდება. საშუალო კარიესის დროს საჭიროა დაზიანებული ქსოვილის მოცილება და მისი აღდგენა ბჟენით.
- ღრმა კარიესი – ღრმა კარიესის დროს დაზიანება უკვე ძალიან ახლოსაა პულპთან, რომელიც კბილის შიგნით არსებულ რბილ ქსოვილს წარმოადგენს. ამ ეტაპზე სიმპტომები უკვე მკვეთრად გამოხატულია. თავს იჩენს ძლიერი, ხშირად პულსირებადი ტკივილი, გახანგრძლივებული მგრძნობელობა ცივი თუ ცხელი საკვებისა თუ სასმლის მიღებისას, ტკივილი ღამით, ზოგჯერ კი სახის ან ღრძილების შეშუპება.
თუ პროცესი ამ ეტაპზეც არ შეჩერდა, შეიძლება ინფექცია გავრცელდეს და განვითარდეს ანთება თუ სხვა გართულებები. ღრმა კარიესის მკურნალობა ხშირად მოითხოვს არხების მკურნალობასაც ანუ ენდოდონტიურ ჩარევას. შესაბამისად, სტომატოლოგიური პროცედურები ამ შემთხვევაში უფრო კომპლექსური ხდება.
რა გართულებებს იწვევს კარიესის დაგვიანებული მკურნალობა?
კარიესი თავისით არ ქრება, ის დროთა განმავლობაში სულ უფრო ღრმავდება და უყურადღებობის შემთხვევაში, შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ გართულებებში. ესენია:
- პულპიტი – კარიესის პულპამდე მიღწევის შემთხვევაში, ვითარდება პულპიტი ანუ პულპის ანთება. ამ დროს უკვე კომპლექსური მკურნალობაა საჭირო.
- პერიოდონტიტი – თუ ინფექცია პულპიდან კბილის ფესვის მიდამოში გავრცელდა, ვითარდება პერიოდონტიტი. ეს სერიოზული ანთებითი მდგომარეობაა, რომელიც ხანგრძლივ და კომპლექსურ მკურნალობას მოითხოვს.
- აბსცესი (ჩირქგროვა) – დაზიანება შეიძლება გადაიზარდოს აბსცესშიც ანუ მოხდეს ჩირქის დაგროვება კბილის ფესვის ირგვლივ. ამ შემთხვევაში ტკივილთან ერთად შეიძლება თავი იჩინოს სახის ან ყბის შეშუპებამ, ტემპერატურის მატებამ და ზოგადმა სისუსტემ. ეს მდგომარეობა გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს.
- კბილის დაკარგვა – თუ ჩარევა ძალიან დაგვიანდა, შეიძლება კბილის შენარჩუნება საერთოდ ვეღარ მოხერხდეს. კბილის დაკარგვა კი უარყოფით გავლენას ახდენს ღეჭვის ფუნქციაზე და მეზობელი კბილების განლაგებაზე.
- ინფექციის გავრცელება – იშვიათ, მაგრამ მძიმე შემთხვევებში ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ორგანიზმში, რაც, ცხადია, უარყოფითად აისახება ზოგად ჯანმრთელობაზეც. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა იფრთხილონ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა.
რა ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?
კარიერის კლინიკურ ნიშნებს ზოგადად ზემოთაც შევეხეთ. ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილავთ თითოეულ მათგანს.
როგორც აღვნიშნეთ, კარიესის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ყოველთვის მარტივი არ არის, რადგან საწყის ფაზაში ის ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ მცირე ცვლილებებსაც კი, რომლებიც შეიძლება კარიესის განვითარების მანიშნებელი იყოს.
არსებობს რამდენიმე ძირითადი სიმპტომი, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ:
- კბილის ზედაპირზე მუქი ან თეთრი ლაქები – კარიესის ერთ-ერთი პირველი ნიშანი არის კბილის მინანქარზე ფერის ცვლილება. თავდაპირველად შეიძლება გაჩნდეს თეთრი, ცარცისებური ლაქები, რაც დემინერალიზაციის ნიშანია. ისინი მოგვიანებით მუქდება და ყავისფერ ან შავ ფერს იღებს. ეს უკვე მინანქრის დაზიანებაზე მიუთითებს.
- მგრძნობელობა ცივი და ცხელი საკვების/სასმლის მიღებისას – თუ კბილი რეაგირებს ცივ ან ცხელ საკვებზე და სასმელზე, ეს ნიშნავს, რომ კარიესმა კბილის რბილ შრემდე მიაღწია. ეს სიმპტომი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ შემთხვევაში, თუ დისკომფორტი დიდხანს გრძელდება.
- ტკივილი ღეჭვის დროს – დისკომფორტი ან ტკივილი რაიმეს ჩაკბეჩის დროს, ხშირად მიუთითებს დაზიანების უფრო ღრმა ფენებში გავრცელებაზე. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ანთებითი პროცესის განვითარებასთანაც.
- უსიამოვნო სუნი პირიდან – ღრმა კარიესი ხშირად კბილში ღრმულის გაჩენას იწვევს, სადაც მარტივად გროვდება საჭმლის ნარჩენები. მისი სრულად ამოსუფთავება კი ვერ ხერხდება. უსიამოვნო სუნს სწორედ დაგროვილი ბაქტერიები იწვევს.
- საკვების ჩაჭედვა კბილში – თუ ამჩნევთ, რომ საკვები ხშირად კონკრეტულ კბილში ან კბილთაშორის სივრცეებში, ეს შეიძლება ღრუს არსებობაზე მიუთითებდეს.
- ტკივილი გამღიზიანებლის გარეშე ან ტკივილი ღამით – თუ ტკივილი ჩნდება გარეგანი გამღიზიანებლის გარეშე ან განსაკუთრებით ძლიერდება ღამით, გაითვალისწინეთ, რომ ეს ღრმა დაზიანების ნიშანია.
კარიესის მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობები
დღეს კარიერის მკურნალობა ანესთეზიის დახმარებით სრულიად უმტკივნეულოა. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიები, ღრმა კარიესის შემთხვევაშიც კი, კბილის შენარჩუნებისა და პროცედურების კომფორტულად წარმართვის შესაძლებლობას გვაძლევს.
კარიერის მკურნალობა მოიცავს:
- კბილის დაბჟენას (პლომბირებას) – ამ დროს ხდება დაზიანებული ქსოვილის მოცილება და კბილის აღდგენა საბჟენი მასალით.
- ენდოდონტიას – არხების მკურნალობა საჭირო ხდება ღრმა კარიესის დროს, როდესაც დაზიანება გავრცელებულია პულპასთან. პროცედურა სრულდება მიკროსკოპით. სპეციალური საშუალებებით ხდება ბაქტერიების განადგურება, არხების გაწმენდა და შესაბამისი მასალებით მათი ამოვსება.
თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებში, როგორც წესი, დანერგილია ლაზერული ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება როგორც კარიესის აღმოსაჩენად, ისე სამკურნალოდ. ის საშუალებას გვაძლევს ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ დიაგნოსტიკა და მისივე დახმარებით უმტკივნეულოდ მოვაგვაროთ პრობლემა. ასევე აუცილებელია პირის ღრუს კომპიუტერული დიაგნოსტიკა და 3D სურათების გადაღება, რათა ზუსტად ვიცოდეთ კარიერის გავრცელების არეალი და კბილის დაზიანების ხარისხი.
როგორ ავიცილოთ თავიდან კარიესი?
დროული და სისტემატური ზრუნვა პირის ღრუს ჰიგიენაზე ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას და უზრუნველყოფს ჯანსაღი კბილების შენარჩუნებას. კარიესის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:
- კბილების რეგულარული გახეხვა – კბილების გახეხვა აუცილებელია დღეში, სულ მცირე, ორჯერ. ეს ხელს უშლის ბაქტერიებისა და ნადების დაგროვებას, რაც კარიესის მთავარი მიზეზია.
- კბილის ძაფისა და სავლების გამოყენება – ზოგჯერ კბილების გახეხვით კბილთაშორის სივრცეების სათანადოდ გაწმენდა ვერ ხერხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია კბილის ძაფის გამოყენება. რაც შეეხება სავლებს, მისი გამოყენებით შეგვიძლია შევამციროთ ბაქტერიების რიცხვი და ხელი შევუწყოთ მინანქრის გამაგრებას.
- სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი – სასურველია, სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი ყოველ 6 თვეში ერთხელ დაგეგმოთ. ექიმი პირის ღრუს დათვალიერებისას მარტივად აღმოაჩენს, როგორც კარიერის საწყის ნიშნებს, ისე სხვა ტიპის პრობლემებსაც.
დროულად იზრუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, რათა თავიდან აირიდოთ დისკომფორტი, ტკივილი და სერიოზული გართულებები!
