ბავშვთა სტომატოლოგია

როდის უნდა ვესტუმროთ ბავშვთა სტომატოლოგს პირველად? – გზამკვლევი მშობლებისთვის

ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, აუცილებელია, ადრეული ასაკიდანვე დაიწყოს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკვე არსებული პრობლემების დროული მკურნალობისთვის, არამედ მათი პრევენციისთვის. გარდა ამისა, ბავშვთა სტომატოლოგთან კონსულტაციის დროს შესაძლებელია მშობელმაც ბევრი რამ ისწავლოს.

ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ როდის და რატომ უნდა წაიყვანოს მშობელმა შვილი სტომატოლოგთან და, ზოგადად, როდის უნდა დავიწყოთ მცირეწლოვნის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. 

პირველი ვიზიტი – როდის დგება ამის დრო და რატომაა მნიშვნელოვანი?

როგორც წესი, სტომატოლოგთან პირველი ვიზიტის საჭიროება კბილების ამოსვლისთანავე დგება, რაც ჩვეულებრივ 6 თვის ასაკიდან იწყება. ეს ვიზიტი ხშირად უფრო შეფასებითი ხასიათისაა. ამ დროს ექიმი ამოწმებს კბილებს, იკვლევს თითოეული მათგანის მდგომარეობას – ფორმას, ზომას, ზრდის ტემპს. ასევე, ყურადღებას აქცევს მინანქრის მდგომარეობას. გარდა ამისა, უნდა მოხდეს ღრძილების მდგომარეობის, კონკრეტულად კი მისი ფერის, სიმკვრივის შეფასება და ანთებითი პროცესების გამორიცხვა. 

ბავშვთა სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი მშობლისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ვიზიტის დროს მშობელი იღებს დეტალურ ინფორმაციას ბავშვის კბილებისა და ღრძილების მდგომარეობის შესახებ, სწავლობს კბილების წმენდის სწორ გზებს, იღებს რეკომენდაციებს კვებასა და კარიესისა თუ სხვა სტომატალოგიური პრობელემბის პრევენციაზე. 

ადრეული ასაკიდან ბავშვის სტომატოლოგთან მიყვანა ასევე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მას ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობა ექიმის მიმართ. თუმცა ამაში უდიდეს როლს თამაშობს თავად სპეციალისტი. მან უნდა მოახერხოს ვიზიტი შედგეს მშვიდ, მეგობრულ და ბავშვისთვის არასტრესულ გარემოში. პროცედურების დროს კი მცირეწლოვანს შეუქმნას სრული კომფორტი და იზრუნოს შიშის მოხსნაზე. ასეთი ადრეული ვიზიტები არა მხოლოდ პირის ღრუს დაავადებების პრევენციას უზრუნველყოფს, არამედ ბავშვს უქმნის უსაფრთხოების განცდას და ემოციურად ამზადებს მომავალი ვიზიტებისთვის.

როგორ მოვამზადოთ ბავშვი ვიზიტისთვის?

ეს ეტაპი მშობლის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი თავად იყოს მშვიდი და თავდაჯერებული, რადგან ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ზრდასრულთა ემოციების მიმართ. თუ ბავშვი უკვე იმ ასაკშია, რომ შეუძლია საუბრის გაგება, მშობელმა ვიზიტი მარტივად და პოზიტიურად უნდა წარმოუდგინოს. 

აუხსენით ბავშვს, რომ ეს არ არის სასჯელი, არამედ გზა, რომ მან ძლიერი, ჯანმრთელი და სუფთა კბილები შეინარჩუნოს. ვიზიტის დროს, სასურველია, თავიდან აიცილოთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ტკივილი“ ან „ბურღვა“, ხოლო ყურადღება გაამახვილოთ ისეთ ტერმინებზე, როგორებიცაა „ძლიერი კბილები“, „ჯანმრთელობა“ და „სილამაზე“. თუკი სტომატოლოგი გამოცდილი და პროფესიონალია, ამაში თავადაც დაგეხმარებათ. 

ამგვარი მომზადების დახმარებით ბავშვისთვის ექიმთან ვიზიტი უფრო სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილებად იქცევა. დიდი ალბათობით, ამ განწყობას ის მომავალშიც შეინარჩუნებს. 

რა პერიოდულობით უნდა გაგრძელდეს ექიმთან ვიზიტები?

6 თვიდან 3 წლამდე ექიმი ძირითადად აკვირდება კბილების და ღრძილების განვითარებას, მინანქრის მდგომარეობას, მშობელს აძლევს რჩევებს ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენისა და კვების მართვის შესახებ. 

6-12 წლის პერიოდში და შემდგომ კი, ზოგადი პროფილაქტიკური შემოწმების გარდა, შესაძლოა, საჭირო გახდეს კბილების წმენდის პროცედურების ჩატარებაც. 

როგორ უნდა იზრუნოს მშობელმა ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე სახლში?

აღსანიშნავია, რომ ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა პირველი კბილების გამოჩენისთანავე უნდა დაიწყოს. ამისთვის აუცილებელია:

  • კბილების გაწმენდა – გამოიყენეთ რბილი, პატარებისთვის განკუთვნილი კბილის ჯაგრისები და პასტები. ასეთი ჯაგრისები გაცილებით ნაზია და არ აღიზიანებს ბავშვის ღრძილებს, კბილის პასტას კი, როგორც წესი, აქვს სასიამოვნო და ნაზი გემო. მიუხედავად ამისა, მისი გამოყენება რეკომენდებულია ძალიან მცირე რაოდენობით. 
  • წმენდა ჩატარდეს რეგულარულად – კბილების გაწმენდა უნდა მიმდინარეობდეს რეგულარულად, დღეში ორჯერ – საუზმისა და ძილის წინ. ეს რუტინა, ბავშვს შემდგომში კბილების წმენდის ჩვევის მარტივად ჩამოყალიბებაშიც დაეხმარება. 
  • იზრუნოთ ღრძილებზე – სასურველია, მშობელმა რბილი ქსოვილით ან სპეციალური საწმენდით მსუბუქი მასაჟი გაუკეთოს ბავშვს ღრძილებზე, რათა ხელი შეუწყოს სისხლის მიმოქცევას და ჯანმრთელი ქსოვილების განვითარებას.
  • გააკონტროლოთ კვება – სასურველია, ბავშვს შეძლებისდაგვარად შეუზღუდოთ ტკბილი და, ზოგადად, შაქრის შემცველი საკვები. გარდა ამისა, პერიოდულობით მიეცით მას მაგარი საკვები ღეჭვის ფუნქციის გასავითარებლად. 

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობა დიდწილად მშობელზეა დამოკიდებულია. სწორედ თქვენ გეკისრებათ შვილისთვის აუცილებელი ჩვევების გამომუშავება. სტომატოლოგის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბება კი დიდწილად სპეციალისტზეა დამოკიდებული.