კაპა და მისი სახეობები

კაპა – კბილების, ყბისა და ძილის პრობლემების თანამედროვე გადაწყვეტა

კაპა ორთოდონტიული კონსტრუქციაა, რომელიც სტომატოლოგიაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. მას მივმართავთ კბილების გასასწორებლად, ყბის სახსრის პრობლემების, ხვრინვისა და აპნოეს, ასევე, სპორტული ტრავმების პრევენციისთვის. 

სტომატოლოგიური ცენტრი თბილისში „პრიმერო“ გთავაზობთ სხვადასხვა დანიშნულების კაპებით მკურნალობას უახლესი ტექნოლოგიებისა და უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებით და, რაც მთავარია, გამოცდილი გუნდის დახმარებით. 

კაპები დანიშნულების მიხედვით

კაპა გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე პლასტიკური კონსტრუქციაა, რომელიც კბილებზე მჭიდროდ თავსდება და უზრუნველყოფს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას. 

ორთოდონტიული კაპა ანუ ელაინერი

ორთოდონტიული კბილის კაპა აფიქსირებს კბილებს კონკრეტულ პოზიციაში და დროთა განმავლობაში ცვლის მათ მდებარეობას. მკურნალობის პროცესში პაციენტს, შეიძლება რამდენჯერმე მოუხდეს კაპების შეცვლა, გადაადგილებული კბილების ახალ პოზიციაში დასაფიქსირებლად და შემდგომი პროგრესირებისთვის. 

ელაინერი, როგორც წესი, გამჭვირვალეა და ბრეკეტებისგან განსხვავებით საუბრისა და ღიმილის დროს თითქმის შეუმჩნეველია. გარდა ამისა, შესაძლებელია მისი მარტივად მოხსნა კვებისა თუ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის დროს, რაც გაცილებით კომფორტულია პაციენტისთვის. 

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სამკურნალო კაპა (სპლინტი)

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სამკურნალო კაპა, რომელსაც ხშირად სპლინტსაც უწოდებენ, სპეციალური სამკურნალო კონსტრუქციაა, რომელიც გამოიყენება ყბის სახსრის და კუნთების ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

სპლინტი კბილებზე თავსდება, აფიქსირებს ყბას სწორ პოზიციაში, რის შემდეგაც მცირდება სახსარზე დატვირთვა და კუნთების დაჭიმულობა. შესაბამისად, ხელს უწყობს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მუშაობის ნორმალიზებას. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სამკურნალო კაპა მიზანშეწონილია მათთვის, ვისაც აწუხებს ყბის ტკივილი, კბილების გაუცნობიერებელი კრაჭუნი ანუ ბრუქსიზმი, ყბა-სახის სახსრების ხმები, თავის ტკივილი და ყბის დაჭიმულობა. 

კაპა ხვრინვისა და აპნოეს პრევენციისთვის

ამ ტიპის კაპა ასევე პირის ღრუში თავსდება და მისი მიზანია შეაჩეროს ხვრინვა და აპნოე, რაც ძილის დროს პერიოდულად სუნთქვის შეჩერებას გულისხმობს. ხვრინვა ძირითადად თავს იჩენს მაშინ, როდესაც სასუნთქი გზები შევიწროებულია და გართულებულია ჰაერის მიმოსვლა. ის შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გაჭედვამ, ალერგიამ, ქრონიკულმა სურდომ, გადიდებულმა ნუშურებმა, პოლიპებმა, ზედმეტმა წონამ, ყელის კუნთების მოდუნებამ, ძილის გარკვეულმა პოზამ და ა.შ.

აპნოეც ხშირად ამავე მიზეზებს უკავშირდება, მაგრამ მიანიშნებს უფრო სერიოზულ სამედიცინო მდგომარეობაზე. ამ დროს სასუნთქი გზა ნაწილობრივ ან მთლიანად იკეტება, რაც სუნთქვის დროებით შეჩერებას იწვევს. სუნთქვის აღდგენის მიზნით, ტვინი იძულებულია ადამიანი გამოაღვიძოს. რადგან ღრმა და ხარისხიანი ძილი ირღვევა, ორგანიზმი სრულფასოვნად დასვენებას ვეღარ ახერხებს. პაციენტი უჩივის მუდმივ დაღლილობას, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, გაღიზიანებას და ა.შ. 

ხვრინვისა და აპნოეს საპრევენციო კაპა უზრუნველყოფს ქვედა ყბის ოდნავ წინ წამოწევას, რის შედეგადაც ფართოვდება სასუნთქი გზები. შედეგად კი, მცირდება ხვრინვისა და აპნოეს ეპიზოდები. აღსანიშნავია ისიც, რომ აპნოეს ზოგჯერ ენის მიერ სასუნთქი გზების ჩაკეტვა იწვევს. ამიტომ არსებობს კაპებიც, რომლებიც ენას აფიქსირებს და ამის საშუალებით ამცირებს აპნოეს შემთხვევებს. 

გაითვალისწინეთ, კაპები, როგორც წესი, სიმპტომების კონტროლის საშუალებაა და ის ვერ უზრუნველყოფს ხვრინვისა და აპნოეს ძირეული მიზეზების აღმოფხვრას. ამიტომ თუ ეს პრობლემები ხშირად გაწუხებთ, სიმპტომების მართვის პარალელურად, აუცილებელია მისი მკურნალობა.

სპორტული კაპა

სპორტული კაპა არის დამცავი მოწყობილობა, რომელსაც სპორტსმენები ვარჯიშისა და შეჯიბრების დროს კბილებისა და ყბის დასაცავად იყენებენ. ის ზედა კბილებზე კეთდება და ამცირებს დარტყმის ძალას, შესაბამისად, ტრავმის რისკს. სპორტული კაპის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სპორტულ სახეობებში, როგორებიცაა კრივი, MMA, კარატე და სხვა საბრძოლო ხელოვნება.

კბილების მათეთრებელი კაპა

კბილების მათეთრებელი კაპა ეფექტიანია როგორც დამოუკიდებელი, ისე კლინიკური გათეთრების შემდეგ მიღებული შედეგის გასახანგრძლივებლად, მისი მთავარი უპირატესობა კი პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტი და სახლში გამოყენების შესაძლებლობაა.

როგორ მზადდება კაპა?

კაპის თითოეული ტიპი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც კონსტრუქციით, ისე დამზადების ტექნოლოგიით. შესაბამისად, მისი დამზადების პროცესიც განსხვავებულია. 

თითქმის ყველა შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კბილებისა და ზოგჯერ ყბის ანაბეჭდის აღება, რადგან კაპა ინდივიდუალურად უნდა ერგებოდეს ადამიანის ანატომიას. ცუდად მორგებულმა კონსტრუქციამ შეიძლება შედეგი არ მოგვცეს, გარდა ამისა, გამოიწვიოს დისკომფორტი და ტკივილი. 

სპორტული კაპის მთავარი მიზანი ადამიანის დარტყმის ძალისგან დაცვაა, ამიტომ რიგ შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მის კბილებზე ზუსტ მორგებას. მიუხედავად ამისა, მეტი გარანტიისა და კომფორტისთვის, სასურველია, ის მაინც ინდივიდუალურად დამზადდეს. 

აპნოესა და ხვრინვის საწინააღმდეგო კაპის დამზადება გაცილებით უფრო რთულია, რადგან ამ შემთხვევაში სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს არამხოლოდ კბილების ფორმა, არამედ ზუსტად განსაზღვროს ქვედა ყბის პოზიციაც.

ბრუქსიზმის, ანუ კბილების ღრჭენის საწინააღმდეგო კაპის დამზადების დროს, ჩვეულებრივ, იღებენ ორივე ყბის ანაბეჭდს და ამზადებენ მყარ ან ნახევრად რბილ კაპას. აქაც აუცილებელია ზუსტი ანაბეჭდი, რათა მან სწორად გადაანაწილოს დატვირთვა და არ შეცვალოს თანკბილვა. 

განსაკუთრებული სიზუსტეა აუცილებელი, როცა საქმე ელაინერებს ეხება. ამასთან, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მისით მკურნალობის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მისი რამდენჯერმე შეცვლა. ამიტომ მნიშვნელოვანი სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი კბილების გადაადგილების პროცესის შესაფასებლად და ახალი კაპის საჭიროების განსასაზღვრად. 

კაპით მკურნალობის კურსი

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე და პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. ზოგ შემთხვევაში შედეგი რამდენიმე თვეში მიიღწევა, ხოლო რთული ორთოდონტიული კორექცია შეიძლება წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს. 

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვა. გაითვალისწინეთ, კურსიდან ნებისმიერმა გადახვევამ, შესაძლოა, გაახანგრძლივოს მკურნალობის პროცესი ან ხელი შეუშალოს სასურველი შედეგის მიღწევას. 

ძალიან მნიშვნელოვანია კაპის სწორად მოვლა და ჰიგიენის დაცვა როგორც პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის, ისე კონსტრუქციის ფორმის შესანარჩუნებლად. ყოველი გამოყენების შემდეგ ის უნდა გაირეცხოს თბილი წყლით, რბილი ჯაგრისისა და სპეციალური საწმენდი საშუალებების გამოყენებით. კაპა უნდა ინახებოდეს სუფთა და მშრალ კონტეინერში, ასევე, დაცული უნდა იყოს სიცხისა და მზის პირდაპირი სხივებისგან, რადგან მაღალი ტემპერატურა მასალის დეფორმაციას იწვევს.

კაპის ფასი – რა განსაზღვრავს ღირებულებას?