პროთეზი, მისი მნიშვნელობა და ტიპები

პროთეზი – თანამედროვე გადაწყვეტა ჯანსაღი და ლამაზი ღიმილისთვის

ჯანსაღი კბილები არამხოლოდ ღიმილის ესთეტიკას, არამედ ჩვენს ზოგად ჯანმრთელობასაც განსაზღვრავს. დაკარგული ან დაზიანებული კბილები გავლენას ახდენს ღეჭვის პროცესზე, მეტყველებასა და სახის პროპორციებზე. სწორედ ამიტომ თანამედროვე სტომატოლოგიაში პროთეზირებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 

ამ მიმართულებას კლინიკა „პრიმეროც“ დიდ ყურადღებას უთმობს. ჩვენთვის პროთეზირება მხოლოდ ესთეტიკური პროცედურა არ არის და მას კომპლექსურად ვუდგებით. აუცილებელია, კონსტრუქცია სწორად იყოს შერჩეული როგორც ანატომიური თავისებურებების, ისე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოყენებული მასალების ხარისხიც. რადგანაც პროთეზი მუდმივ კონტაქტშია პირის ღრუს ქსოვილებთან  და საკვებთან, აუცილებელია, ის იყოს ბიოთავსებადი, უსაფრთხო და გამძლე. 

რა არის კბილის პროთეზი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

კბილის დაკარგვის შემდეგ დროთა განმავლობაში კბილების განლაგება  იცვლება, ამასთან, უარესდება ღეჭვის ფუნქცია. შესაძლოა განვითარდეს ყბის ძვლის ატროფიაც, რაც გულისხმობს ძვლის მოცულობისა და სიმკვრივის თანდათან შემცირებას. ეს განპირობებულია იმით, რომ კბილის დაკარგვის შემდეგ ძვალი ბუნებრივ დატვირთვას, როგორც წესი, ვეღარ იღებს.

პროთეზის შერჩევის დროს, ასევე, უმნიშვნელოვანესია პირის ღრუს საერთო მდგომარეობის შეფასებაც – უნდა განისაზღვროს რამდენად ჯანმრთელია ღრძილები, როგორია კბილების განლაგება, თანკბილვა თუ ძვლის მდგომარეობა. საქმე ისაა, რომ პროთეზირება მხოლოდ დაკარგული კბილის ჩანაცვლებას არ გულისხმობს – ის უნდა იყოს სწორად მორგებული მთელ პირის ღრუს სისტემასთან. არასწორად შერჩეული პროთეზის დაფიქსირებისას შესაძლოა დატვირთვა არათანაბრად გადანაწილდეს, რამაც გამოიწვიოს დისკომფორტი, ღეჭვის პრობლემები, ღრძილების გაღიზიანება ან სხვა კბილების  დაზიანება. სწორად დაგეგმილი პროთეზირება კი არამხოლოდ ბუნებრივ ვიზუალს, არამედ კომფორტს, სტაბილურობასა და კონსტრუქციის გამძლეობას უზრუნველყოფს. 

ნებისმიერი პროთეზული სისტემის დამზადებამდე მნიშვნელოვანია კბილების ფორმის წინასწარი მოდელირება. ამისთვის იქმნება mock-up-ები და wax-up-ები – ერთგვარი საცდელი კონსტრუქციები, რომლებიც პაციენტსა და ექიმს საშუალებას აძლევს საბოლოო პროთეზის დამზადებამდე წინასწარ შეაფასონ სამომავლო შედეგი.

როგორია პროთეზის ტიპები?

თანამედროვე სტომატოლოგიაში არსებობს სხვადასხვა ტიპის პროთეზი, რომლებიც განსხვავდება როგორც მასალითა და კონსტრუქციით, ისე დანიშნულებით. სწორად შერჩეული პროთეზი უზრუნველყოფს არამხოლოდ ესთეტიკურ შედეგს, არამედ კომფორტსა და გამძლეობას. პროთეზირების ძირითადი სახეობებია:

უმეტალო კერამიკა ანუ ვინირი

ვინირი წარმოადგენს თხელ კერამიკულ ფირფიტას, რომელიც ფიქსირდება კბილის წინა ზედაპირზე. მისი მთავარი დანიშნულებაა კბილის ფორმის, ზომის, ფერისა და ვიზუალის გაუმჯობესება. 

ვინირები განსაკუთრებით პოპულარულია ესთეტიკურ სტომატოლოგიაში, რადგან ისინი საშუალებას იძლევა მინიმალური ჩარევით შეიცვალოს ღიმილი. მათი დახმარებით შესაძლებელია კბილებს შორის სივრცეების დახურვა, ფერის კორექცია, დაზიანებული ან გაცვეთილი კბილის აღდგენა, ფორმისა და სიმეტრიის გაუმჯობესება და სხვა.

უმეტალო კერამიკა მაქსიმალურად ჰგავს ბუნებრივ კბილს და ფერს მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ ვინირი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროთეზია.

ცირკონის ოქსიდზე დამზადებული გვირგვინი

ცირკონის ოქსიდი თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე გამძლე და ბიოთავსებად მასალად ითვლება. მისი მთავარი უპირატესობებია გამძლეობა, ბუნებრივი ვიზუალი, ღრძილთან იდეალური შეთავსება და ფერის სტაბილურობა.

ცირკონის გვირგვინი გამოიყენება მნიშვნელოვნად დაზიანებული ან დაკარგული კბილის აღსადგენად.

უმეტალო კერამიკა იმპლანტზე

  • აღადგენს ღეჭვის ფუნქციას
  • იცავს ყბის ძვალს ატროფიისგან
  • ბუნებრივად გამოიყურება
  • გამოირჩევა ხანგრძლივი შედეგით

იმპლანტი, როგორც წესი, გამოიყენება სრულად დაკარგული კბილის შემთხვევაში, თუმცა ზოგჯერ ამ მეთოდს მიმართავენ მაშინაც, როდესაც კბილი ძალიან არის დაზიანებული. ასეთ კბილზე პროთეზული კონსტრუქციის საიმედოდ დამაგრება უკვე შეუძლებელია, ამიტომ ზოგჯერ აუცილებელია დაზიანებული კბილის ამოღება და მის ნაცვლად იმპლანტის ჩასმა, რაც უფრო სტაბილურ, გამძლე და გრძელვადიან შედეგს უზრუნველყოფს. 

მოსახსნელი პროთეზი

მოსახსნელი პროთეზი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მეთოდია დაკარგული კბილების აღსადგენად. თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით, ის დღეს ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე წარსულში. 

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დრეკადი მოსახსნელი პროთეზი, რომელიც დამზადებულია ელასტიკური მასალისგან და მარტივად ერგება პირის ღრუს ფორმას. მოსახსნელი პროთეზი შეიძლება იყოს დროებითიც და ის პაციენტმა მხოლოდ მოკლე ხნით, მუდმივი კონსტრუქციის დამზადებამდე ატაროს. 

მოსახსნელი პროთეზი ფიქსირებული იმპლანტებზე

მოსახსნელი პროთეზი ფიქსირებული იმპლანტებზე გამოიყენება მაშინ, როდესაც პაციენტს რამდენიმე კბილი აკლია. ეს კონსტრუქცია იმპლანტებზე ფიქსირდება, რაც ზრდის მის სტაბილურობასა და ფუნქციურობას. ჩვეულებრივი მოსახსნელი პროთეზისგან განსხვავებით, ის ნაკლებად მოძრაობს ღეჭვისა და საუბრის დროს, უზრუნველყოფს დატვირთვის უკეთ განაწილებას და პაციენტს უქმნის კბილების უფრო ბუნებრივ შეგრძნებას. 

ტიტანის რკალზე ცირკონის მოუხსნელი კონსტრუქცია

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და გამძლე ორთოპედიული კონსტრუქცია. ის ფიქსირდება იმპლანტებზე, მის საფუძველს კი წარმოადგენს ტიტანის რკალი, რომელიც დაფარულია ცირკონის კერამიკით. ასეთი მეთოდი განსაკუთრებით რეკომენდებულია სრული ადენტიის დროს. 

მისი მთავარი უპირატესობებია მაქსიმალური სტაბილურობა, გამძლეობა, ბუნებრივი ესთეტიკა და კომფორტულობა. 

მიკროპროთეზი

მიკროპროთეზი გამოიყენება კბილის მცირე და საშუალო დაზიანებების აღსადგენად ისე, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ბუნებრივი ქსოვილი.

მიკროპროთეზირების მეთოდებია:

  • ინლეი – მიკროპროთეზული ჩანართი, რომელიც გამოიყენება კბილის შიდა ნაწილის აღსადგენად. ის მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც დაზიანება ბჟენისთვის უკვე დიდია, თუმცა კბილის სრული დაფარვა ჯერ საჭირო არ არის. 
  • ონლეი – კონსტრუქცია, რომელიც აღადგენს არამხოლოდ კბილის შიდა ნაწილს, არამედ მის ერთ ან რამდენიმე ბორცვსაც. ეს კი კბილის დამატებით გამაგრებას უზრუნველყოფს.
  • ოვერლეი – ის ფარავს კბილის ზედაპირის უფრო დიდ ნაწილს და გამოიყენება მნიშვნელოვნად დაზიანებული კბილის აღსადგენად.

პროთეზის მოვლა

პროთეზის მოვლა აუცილებელია როგორც თავად კონსტრუქციის დიდხანს შენარჩუნებისთვის, ისე პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. არასათანადო ჰიგიენამ შესაძლოა გამოიწვიოს ნადების დაგროვება, უსიამოვნო სუნი, ღრძილების გაღიზიანება და პროთეზის დაზიანებაც კი.

სპეციალისტების რეკომენდაციის მიხედვით, სასურველია, პროთეზის ყოველდღიური წმენდა სპეციალური ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით. ასევე, პაციენტები უნდა შეეცადონ თავიდან აირიდონ მყარი საკვები და რეგულარულად იარონ  სტომატოლოგთან პროთეზის მდგომარეობის შემოწმების მიზნით. 

მოსახსნელი პროთეზების შემთხვევაში მნიშვნელოვანია მათი სწორად შენახვაც, რათა არ მოხდეს ფორმის ცვლილება ან დაზიანება. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში შესაძლოა საჭირო გახდეს პროთეზის კორექცია ან პროფესიული წმენდა, რადგან პირის ღრუს მდგომარეობა წლების განმავლობაში იცვლება. სწორი მოვლის პირობებში თანამედროვე პროთეზები მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ფუნქციურობას და პირვანდელ ვიზუალს. 

რატომ უნდა აირჩიოთ პროფესიონალი სტომატოლოგები?

კლინიკაში ასევე გამოიყენება უმაღლესი ხარისხის მასალები და დანერგილია უახლესი ციფრული ტექნოლოგიები, რომელიც გაცილებით ამარტივებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესს. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი საშუალებას მოგცემთ დაიბრუნოთ არამხოლოდ დაკარგული კბილები, არამედ თავდაჯერებულობა და კომფორტი.