ადამიანთა უმეტესობა სტომატოლოგთან მხოლოდ მაშინ მიდის, როდესაც კბილის ტკივილი აუტანელია ან მაშინ, როდესაც ვიზუალური ცვლილებები განსაკუთრებულად გამოხატულია. ასეთ დროს, მკურნალობა გაცილებით კომპლექსური და არაკომფორტულია, მოითხოვს უფრო მეტ ფინანსებს, დროსა და ენერგიას.
გადადებული ვიზიტების მიზეზი ხშირად სტომატოლოგიურ პროცედურებთან დაკავშირებულია შიშებია. ზოგს ტკივილის ეშინია, ზოგში კი ინსტრუმენტების უბრალოდ დანახვაც კი უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ამ შიშების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის, არასწორი წარმოდგენები თანამედროვე მკურნალობის მეთოდების შესახებ, ბავშვობაში განცდილი ტრავმული გამოცდილება სტომატოლოგთან თუ სხვა პროფილის ექიმთან და ა.შ.
თუკი ექიმის გაგონებაზეც კი უსიამოვნო გრძნობა გეუფლებათ, შიში გიპყრობთ და მაქსიმალურად აჭიანურებთ მასთან ვიზიტს, მაშინ ეს ბლოგი ბოლომდე ჩაიკითხეთ. ჩვენ შევეცდებით გამოვყოთ სტომატოლოგიასთან დაკავშირებული ძირითადი შიშები და მათ დაძლევაში დაგეხმაროთ.
რატომ გვეშინია სტომატოლოგთან ვიზიტის?
სტომატოლოგიური შიში ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ხშირად ის ბავშვობაში მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება, ზოგჯერ კი იმ ისტორიებს, რომლებიც სხვა ადამიანებისგან მოგვისმენია.
შიშის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- წარსულში გადატანილი მტკივნეული პროცედურა;
- ნემსისა და ანესთეზიის შიში;
- სტომატოლოგიური ინსტრუმენტების ხმა და ვიზუალი;
- მკურნალობის შედეგთან დაკავშირებული მღელვარება;
- უცნობი პროცედურის შიში;
- ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებული გაურკვევლობა.
აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგიური შიშების ჩამოყალიბებაში ხშირად გადამწყვეტ როლს ბავშვობის გამოცდილება თამაშობს. თუ პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან ტკივილს, შფოთვას ან უსიამოვნო ემოციებს უკავშირდებოდა, ეს განცდები ადამიანს ზრდასრულ ასაკშიც შეიძლება გაჰყვეს. ჩვენზე გავლენას ახდენს არამხოლოდ საკუთარი გამოცდილება, არამედ ოჯახის წევრების დამოკიდებულებაც. როდესაც ბავშვი ხშირად ისმენს, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი საშიშია, მასაც ბუნებრივად უყალიბდება ნეგატიური წარმოდგენა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გამოცდილება თავად შეიძლება ჯერ არც ჰქონია.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვი პირველად სტომატოლოგთან არა ტკივილის ან სხვა შემაწუხებელი სიმპტომის გამოვლენის შემდეგ, არამედ პროფილაქტიკური მიზნით მივიყვანოთ. პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება გარემოსა და ექიმსაც. ამ საკითხზე უფრო მეტის გასაგებად, გაეცანით ჩვენს ბლოგს – როდის უნდა ვესტუმროთ ბავშვთა სტომატოლოგს პირველად? – გზამკვლევი მშობლებისთვის
ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური შიშები
„მკურნალობა აუცილებლად მტკივნეული იქნება“
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური შიშია, რომელიც ხშირად წარსულში მიღებულ გამოცდილებას ან სხვებისგან მოსმენილ ისტორიებს უკავშირდება. რეალურად, თანამედროვე სტომატოლოგიაში პროცედურების უმეტესობა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, რაც ტკივილის შეგრძნებას მნიშვნელოვნად ან სრულად აქრობს.
პროცედურის დაწყებამდე ექიმი აფასებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მკურნალობის სირთულეს და ამის მიხედვით არჩევს გაუტკივარების ყველაზე ეფექტიან მეთოდს. გარდა ამისა, სპეციალისტი აკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას პროცედურის პროცესშიც და საჭიროების შემთხვევაში, უმატებს მას საინესთეზიო საშუალებას.
„კბილის ამოღება ძალიან რთული პროცედურაა“
ბევრ ადამიანს კბილის ამოღების ხსენებაც კი აშინებს. თუმცა, თანამედროვე სტომატოლოგიაში კბილის ამოღება წინასწარ დაგეგმილი და კონტროლირებადი პროცედურაა. ადგილობრივი ანესთეზიის დახმარებით კი პაციენტი, როგორც წესი, მხოლოდ მსუბუქ ზეწოლას გრძნობს და არა ტკივილს. პროცედურის დასრულების შემდეგ ექიმი პაციენტს აძლევს დეტალურ რეკომენდაციებს ჭრილობის მოვლასთან დაკავშირებით, რაც მის სწრაფ და უსაფრთხო შეხორცებას უწყობს ხელს.
„სტომატოლოგიური პროცედურები ძალიან დიდხანს გრძელდება“
კიდევ ერთი გავრცელებული შიში დაკავშირებულია წარმოდგენასთან, თითქოსდა სტომატოლოგთან ვიზიტი რამდენიმე საათს გრძელდება. მართალია, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე და ზოგიერთ შემთხვევაში, ის შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ არა ყოველთვის. თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტექნოლოგიების დახმარებით ბევრი პროცედურა მნიშვნელოვნადაა გამარტივებული.
„იმპლანტაცია ან ბრეკეტები ჩასმა ძალიან რთული პროცესია“
ბევრ პაციენტს აშინებს პროცედურები, რომლებიც კბილის იმპლანტაციას ან ორთოდონტიულ მკურნალობას უკავშირდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ტიპის მკურნალობა მართლაც კომპლექსურია და ერთ დღეში არ სრულდება, თუმცა ის წინასწარ გაწერილი და დაგეგმილია, რაც პაციენტს პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს.
კარგ შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა პაციენტს დეტალურად უნდა გააცნოს სამოქმედო გეგმა, აუხსნას თითოეული ეტაპის მიზანი და შეუქმნას წარმოდგენა მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობაზე. როდესაც პაციენტს სრულყოფილი ინფორმაცია ფლობს, გაურკვევლობა და შფოთვაც მცირდება.
როგორ დავძლიოთ შიშები?
აირჩიეთ სანდო კლინიკა და გამოცდილი ექიმი
სტომატოლოგიურ მკურნალობასთან დაკავშირებული შიშის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისეთი კლინიკის არჩევაა, სადაც პაციენტის კომფორტსა და უსაფრთხოებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. გამოცდილი ექიმი ყოველთვის ითვალისწინებს პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს, დეტალურად უხსნის მას მკურნალობის თითოეულ ეტაპს და პასუხობს მის ყველა კითხვას. როდესაც პაციენტსა და ექიმს შორის ნდობა ყალიბდება, ღელვაც მნიშვნელოვნად ქრება.
ექიმს გაუზიარეთ თქვენი შიშები
თუ სტომატოლოგთან ვიზიტისას განიცდით შიშებს, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ბევრი პაციენტი ფიქრობს, რომ საკუთარი შიშის შესახებ საუბარი უხერხულია, თუმცა სინამდვილეში ეს ექიმს ეხმარება, თქვენზე მორგებული მიდგომა შეარჩიოს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პროცედურის ეტაპობრივად ჩატარება, დამატებითი განმარტებების მიცემა ან მკურნალობის ტემპის შეცვლა, რათა პაციენტმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს.
ნუ გადადებთ სტომატოლოგთან ვიზიტს
შიშის გამო ვიზიტის გადადება პრობლემას არ აგვარებს. პირიქით, დროთა განმავლობაში კარიესი, ღრძილების ანთება ან სხვა სტომატოლოგიური პრობლემა შესაძლოა გართულდეს და უფრო კომპლექსური მკურნალობა გახდეს საჭირო. რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტები საშუალებას იძლევა, ცვლილებები ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს, მაშინ, როდესაც მათი მკურნალობა უფრო სწრაფი, მარტივი და ნაკლებად ინვაზიურია.
სტომატოლოგიურ კლინიკა „პრიმეროში“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არამხოლოდ მკურნალობის ხარისხს, არამედ პაციენტის კომფორტსაც. აღსანიშნავია, რომ ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის პირველივე ვიზიტის დროს ყალიბდება, რადგან ჩვენი ექიმები მზად არიან გასცენ ამომწურავი ინფორმაცია და დეტალურად განმარტონ მკურნალობასთან დაკავშირებული ნებისმიერ საკითხი. რაც მთავარია, კლინიკაში გამოიყენება თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდები, რის გამოც ნებისმიერი პროცედურა არის უსაფრთხო, უმტკივნეულო და კომფორტული.
თუ დიდი ხანია ექიმთან ვიზიტს შიშის გამო აჭიანურებთ, გახსოვდეთ, რომ თანამედროვე სტომატოლოგია პაციენტის კომფორტზეა ორიენტირებული. დროული ვიზიტი დაგეხმარებათ არამხოლოდ პირის ღრუს პრობლემების უფრო მარტივად მკურნალობაში, არამედ იმ შიშების დაძლევაშიც, რომლებიც წლებია არ გაძლევთ მოსვენებას.
