რეტეინერი და მისი ტიპები

რეტეინერი – რატომ არის ის აუცილებელი ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ?

ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ ბრეკეტების ან სხვა ორთოდონტიული სისტემების მოხსნის შემდეგ მკურნალობა სრულდება, თუმცა რეალურად კბილებს საწყის პოზიციაზე დაბრუნების ტენდენცია აქვს. სწორედ ამიტომ ინიშნება რეტეინერი, რომელიც ორთოდონტიული კონსტრუქციაა და კბილების არსებულ პოზიციაში დაფიქსირებასა და მიღებული შედეგის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. 

რა არის რეტეინერი?

რეტეინერი სპეციალური კონსტრუქციაა, რომელიც მკურნალობის დასრულების შემდეგ კბილების დასაფიქსირებლად გამოიყენება. მისი მთავარი დანიშნულებაა კბილების ახალი პოზიციის შენარჩუნება და მათი გადაადგილების პრევენცია.

რეტეინერის დამკვიდრება ორთოდონტიაში მე-20 საუკუნიდან დაიწყო. მრავალწლიანი კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შედეგად დადასტურდა, რომ რეტენციული ეტაპის გარეშე მიღებული შედეგი ხშირად სტაბილურად ვერ ნარჩუნდება. ამიტომ რეტეინერი დღეს ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებელ ნაწილად ითვლება. 

თავდაპირველად ორთოდონტიაში ძირითადად მოსახსნელი მეტალის აპარატები გამოიყენებოდა, რომლებიც ეფექტიანი იყო, თუმცა პაციენტებისთვის ნაკლებად კომფორტული და ესთეტიკური. დროთა განმავლობაში ტექნოლოგიებისა და სტომატოლოგიური მასალების განვითარებასთან ერთად, რეტენციული სისტემებიც მნიშვნელოვნად დაიხვეწა.

თანამედროვე ორთოდონტიაში აქტიურად გამოიყენება გამჭვირვალე კაპები, რომლებიც ვიზუალურად თითქმის შეუმჩნეველია და პაციენტს ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკომფორტს საერთოდ არ უქმნის. ასევე ფართოდ გავრცელდა ფიქსირებული რეტეინერები, რომლებიც კბილების შიდა ზედაპირზე მაგრდება და მუდმივ სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. 

რამდენ ხანს უნდა ვატაროთ რეტეინერი?

რეტეინერის ტარების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, პაციენტის ასაკზე, კბილების მდგომარეობაზე, ორთოდონტიული პრობლემის სირთულეზე და კბილების გადაადგილების ალბათობაზე.

რთული ორთოდონტიული შემთხვევების დროს ან მაშინ, როდესაც კბილებს საწყის პოზიციაზე დაბრუნების მაღალი ტენდენცია აქვს, შესაძლოა რეტეინერის გამოყენება უფრო ხანგრძლივი პერიოდით გახდეს საჭირო. ასევე მნიშვნელობა აქვს პაციენტის ასაკს, რადგან ასაკთან ერთად ქსოვილების ადაპტაციის პროცესი განსხვავებულად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ მკურნალობის გეგმა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია. 

საშუალოდ, რეტეინერის ტარების პერიოდი რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე მერყეობს. როგორც წესი, პირველი 6-12 თვე ყველაზე მნიშვნელოვანია – ამ პერიოდში რეტეინერი ხშირად ყოველდღიურად ან თითქმის მუდმივად გამოიყენება. შემდეგ ეტაპზე ხშირად ინიშნება მოსახსნელი რეტეინერი, რომელსაც პაციენტი ჩვეულებრივ მხოლოდ ღამით ატარებს. ფიქსირებული რეტეინერით მკურნალობა კი შესაძლოა 5-10 წლით ან უფრო დიდი ხნითაც გაგრძელდეს.

რეტეინერის რა ტიპები არსებობს?

ფიქსირებული რეტეინერი

ფიქსირებული რეტეინერი წარმოადგენს თხელ მეტალის მავთულს, რომელიც კბილების შიდა ზედაპირზე ფიქსირდება. ის მუდმივად რჩება პირის ღრუში და მისი მოხსნა მხოლოდ ექიმის მიერ ხდება. ფიქსირებული რეტეინერი განსაკუთრებით ეფექტიანია ქვედა წინა კბილების სტაბილიზაციისთვის, რადგან სწორედ ამ ზონაშია კბილების ხელახლა გადაადგილების ყველაზე მაღალი რისკი. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ პაციენტს მისი ყოველდღიურად მოხსნა და ხელახლა მოთავსება არ უწევს, რის გამოც რეჟიმის დარღვევის ალბათობა მცირდება. გარდა ამისა, შიდა ზედაპირზე ფიქსაციის გამო, რეტეინერი ვიზუალურად თითქმის შეუმჩნეველია.

მოსახსნელი რეტეინერი

მოსახსნელი რეტეინერი არის კაპის ან სხვა ტიპის მსგავსი კონსტრუქცია, რომლის მოხსნა და ხელახლა მოთავსება პაციენტს დამოუკიდებლად შეუძლია. ყველაზე გავრცელებული ფორმაა მოსახსნელი რეტეინერი/კაპა, რომელიც გამჭვირვალე მასალისგან მზადდება და კბილებზე მჭიდროდ თავსდება.

მოსახსნელი რეტეინერის მთავარი უპირატესობა არის მისი გამოყენების სიმარტივე და ესთეტიკური ვიზუალი. ამ ტიპის სისტემის დახმარებით ასევე მარტივია ჰიგიენური ნორმების დაცვა – მისი მოხსნა შესაძლებელია კვების, კბილების გახეხვისა და სხვა ჰიგიენური პროცედურების დროს. 

როგორც წესი, მკურნალობის დასაწყისში კაპის ტარება რეკომენდებულია თითქმის მთელი დღის განმავლობაში, ხოლო მოგვიანებით მხოლოდ ღამით. რეტეინერის ტარების რეჟიმი ინდივიდუალურად განისაზღვრება და დამოკიდებულია ორთოდონტიული მკურნალობის სირთულესა და კბილების გადაადგილების რისკზე. 

მოსახსნელი რეტეინერი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს, რადგან კაპის ზედაპირზე შესაძლოა დაგროვდეს ბაქტერიები, ნადები და საკვების მიკრონაწილაკები, რაც დროთა განმავლობაში უსიამოვნო სუნის, ფერის ცვლილებისა და პირის ღრუს პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს. რეკომენდებულია მისი ყოველდღიური გასუფთავება სპეციალური საშუალებებით ან რბილი ჯაგრისით, რათა ზედაპირი არ დაზიანდეს. ასევე მნიშვნელოვანია, კაპა ყოველთვის სუფთა კონტეინერში ინახებოდეს და მაღალი ტემპერატურისგან იყოს დაცული, რადგან სიცხემ შესაძლოა მასალის დეფორმაცია გამოიწვიოს.

რეტეინერით მკურნალობის პერიოდში მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი, რადგან დროთა განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს როგორც რეტეინერის მდგომარეობა, ისე კბილების სტაბილურობის ხარისხი. ვიზიტების დროს ორთოდონტი ამოწმებს, რამდენად კარგად ასრულებს კონსტრუქცია თავის ფუნქციას, ხომ არ არის დაზიანებული ან დეფორმირებული და საჭიროებს თუ არა ის კორექციას. ასეთი მონიტორინგი ხელს უწყობს მიღებული შედეგის სტაბილურად შენარჩუნებას და შესაძლო გართულებების დროულ პრევენციას.