კბილის არხის მკურნალობა, რომელსაც ენდოდონტიურ მკურნალობასაც უწოდებენ, სტომატოლოგიური პროცედურაა და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ საფეხური კბილის შიგნით არსებული დაზიანებული ან ინფიცირებული რბილი ქსოვილის ანუ პულპის მოშორებაა. ამის შემდეგ ფესვის არხები საგულდაგულოდ იწმინდება, მუშავდება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით და ივსება ბიოთავსებადი მასალით მომავალში ბაქტერიების გავრცელების პრევენციისთვის. მკურნალობის მთავარი მიზანი ინფექციის აღმოფხვრა, ტკივილის შემცირება და ბუნებრივი კბილის შენარჩუნებაა.
როდისაა საჭირო პროცედურის ჩატარება?
კბილის არხის მკურნალობის საჭიროება ყველაზე ხშირად ღრმა კარიესის დროს წარმოიქმნება. ის, როგორც წესი, ძლიერი ტკივილით ვლინდება, რაც პულპის ანუ კბილის ნერვის დაზიანებაზე მიუთითებს. ამ ეტაპზე ბაქტერიები კბილის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილში აღწევს და ანთებას იწვევს, რაც, როგორც წესი, ძლიერი, პულსირებადი ტკივილით, ცივი და ცხელი საკვების ან სასმლის მიმართ მომატებული მგრძნობელობით, ასევე, ღეჭვის დროს დისკომფორტით გამოიხატება.
პულპის დაზიანებასა თუ ინფიცირებას, რაც თითქმის ყველა შემთხვევაში არხების მკურნალობით სრულდება, სხვა ფაქტორებიც იწვევს. მათ შორისაა:
- კბილის ტრავმა – ძლიერი დარტყმის, დაცემის ან მყარი საგნის ჩაკბეჩით შეიძლება კბილზე ბზარები და მოტეხილობები გაჩნდეს, რაც ზოგჯერ ნერვის დაზიანების მიზეზი ხდება. ხშირად ასეთი ბზარი ან მოტეხილობა კბილის ზედაპირზე შეუიარაღებელი თვალით არ აღიქმება. დაზიანების სიმცირის მიუხედავად, შესაძლოა მათი გავლით ბაქტერიები კბილის შიდა ქსოვილებში მაინც მოხვდეს. თუ მათ პულპამდე მიაღწიეს, დიდი ალბათობით, მისი ანთება ანუ პულპიტი განვითარდება. ანთების შესაჩერებლად და კბილის შესანარჩუნებლად კი არხების მკურნალობის საჭიროება დგება.
- ძველი ბჟენები – დროთა განმავლობაში მათ ქვეშ შესაძლოა ბაქტერიები დაგროვდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი პულპამდეც აღწევს და ინფექციას იწვევს.
- განმეორებითი სტომატოლოგიური მანიპულაციები – ერთსა და იმავე კბილზე ჩატარებულმა მანიპულაციებმა – ბჟენის შეცვლამ ან სხვა პროცედურებმა შესაძლოა პულპის გაღიზიანება და დაზიანება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევებში კბილის ნერვი კარგავს თვითაღდგენის უნარს და საჭირო ხდება ენდოდონტიური მკურნალობა.
- ფესვის არეში განვითარებული ინფექცია – ზოგჯერ ინფექცია კბილის ფესვის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც ყოველთვის ტკივილი არ ახლავს. ამ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ღრძილის შეშუპება, ჩირქოვანი კერა ან პერიოდული დისკომფორტი. მსგავსი მდგომარეობის დროს ინფექციის წყაროს აღმოსაფხვრელად ხშირად აუცილებელია კბილის არხის დამუშავება.
პულპის დაზიანებაზე ან ინფექციაზე რამდენიმე სიმპტომი მიუთითებს, ესენია ძლიერი ან ხანგრძლივი კბილის ტკივილი, ცივი და ცხელი საკვების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, დისკომფორტი ღეჭვის დროს, ღრძილის შეშუპება და კბილის ფერის ცვლილება. მსგავსი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დროულად ჩაეწერეთ სტომატოლოგთან, რათა თავიდან აირიდოთ არა მარტო შემაწუხებელი სიმპტომები, არამედ გართულებები.
როგორია მკურნალობის პროცესი?
ზოგიერთ კბილს მხოლოდ ერთი, ზოგიერთს კი ორი, სამი და ოთხი არხი აქვს. არხების რაოდენობა კბილის ტიპსა და ანატომიურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. სიბრძნის კბილი ამ მხრივ გამონაკლისია – მას შეიძლება 5 ან მეტი არხიც ჰქონდეს, თუმცა რთული მდებარეობისა და აგებულების გამო სტომატოლოგები ხშირად ამ კბილის ექსტრაქციას ანიჭებენ უპირატესობას და მის შენარჩუნებას.
როგორც წესი, წინა კბილებს ერთი არხი აქვს, პრემოლარებს, წინა და საღეჭ კბილებს შორის არსებულ კბილებს – ერთი ან ორი, ხოლო მოლარებს, ანუ დიდ საღეჭ კბილებს, სამი ან ოთხი არხი. იმის მიხედვით, თუ რომელი კბილია დაზიანებული, შეიძლება საჭირო გახდეს ერთი ან რამდენიმე არხის დამუშავება. მათი რაოდენობის მიუხედავად, მკურნალობის ძირითადი პრინციპი ყველა შემთხვევაში ერთნაირია და მიზნად ინფექციის სრულად აღმოფხვრასა და კბილის შენარჩუნებას ისახავს.
პროცესი იწყება დიაგნოსტიკით, რომლის დროსაც სტომატოლოგი პირის ღრუს დათვალიერებისა და რენტგენოლოგიური კვლევების საფუძველზე აფასებს კბილის მდგომარეობას და არხების რაოდენობას. ამის შემდეგ იხსნება კბილის გვირგვინოვანი ნაწილი. მომდევნო ეტაპზე კი სტომატოლოგი აშორებს ინფიცირებულ ან დაზიანებულ პულპას და არხებს სპეციალური ინსტრუმენტებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით საფუძვლიანად წმენდს.
ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით გავრცელებული ინფექციების დროს, ექიმი არხებში სამკურნალო პასტას ათავსებს და ტოვებს. ის ანთებითი პროცესის შეჩერებასა და ბაქტერიების სრულად განადგურებას უზრუნველყოფს. ამის შემდეგ არხები ჰერმეტულად ივსება სპეციალური ბიოთავსებადი მასალით. მკურნალობის ბოლო ეტაპი კი კბილის დაბჟენა და მისთვის ბუნებრივი ფორმის მიცემაა.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კბილის მდგომარეობაზე, ინფექციის გავრცელების ხარისხსა და არხების რაოდენობაზე. ბუნებრივია, ერთი არხის მკურნალობა შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე სამი ან ოთხი არხის დამუშავება. თუმცა თანამედროვე ენდოდონტიური მეთოდების დახმარებით ყველა ტიპის მკურნალობის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
მტკივნეულია თუ არა მკურნალობა?
დღემდე გავრცელებულია წარმოდგენა, რომ კბილის არხის მკურნალობა მტკივნეულია. რეალურად, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ანესთეზიის წყალობით კი, ის პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ადგილობრივი ანესთეზია სრულად აქვეითებს ტკივილის შეგრძნებას, რის შედეგადაც პაციენტი პროცედურის დროს მხოლოდ მსუბუქ ზეწოლას ან ვიბრაციას აღიქვამს.
პროცედურის დასრულებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა პაციენტს ჰქონდეს მსუბუქი მგრძნობელობა ან დისკომფორტი, განსაკუთრებით ღეჭვის დროს. ეს ბუნებრივი რეაქციაა ჩატარებულ მანიპულაციაზე და, როგორც წესი, მოკლე დროში თავისით ქრება. საჭიროების შემთხვევაში, სტომატოლოგი პაციენტს რეკომენდაციას უწევს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენებაზე.
რატომ არ უნდა გადადოთ არხების მკურნალობა?
ზოგჯერ კბილის ტკივილი დროებით ქრება, მაგრამ ეს პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს. ხშირად პროცესი კბილის შიგნით მაინც გრძელდება. თუ დაზიანებული პულპა დროულად არ დამუშავდა, ინფექცია შესაძლოა ფესვის ირგვლივ არსებულ ქსოვილებზე გავრცელდეს, რაც, საბოლოოდ, ფესვის არეში ანთებითი კერის, ჩირქოვანი პროცესის, ძვლოვანი ქსოვილის დაზიანებისა და საბოლოოდ კბილის დაკარგვის მიზეზი ხდება.
არხების მკურნალობის დროულად ჩატარებით შეძლებთ ხანგრძლივი და კომპლექსური მკურნალობის გარეშე აღადგინოთ ბუნებრივი კბილი და მისი სრულფასოვანი ფუნქცია. შედეგად, თავიდან აიცილოთ პროთეზირება. ასევე, დაიცვათ მეზობელი კბილები და რბილი ქსოვილები დაზიანებისგან.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პროფილაქტიკურ მკურნალობას ალტერნატივა არ აქვს. პირის ღრუს რეგულარული მონიტორინგი თავიდან აგაცილებთ ნებისმიერი ტიპის სტომატოლოგიურ პრობლემას, შეგინარჩუნებთ ჯანსაღ ღიმილს, დაგიზოგავთ თანხებს და საშუალებას მოგცემთ იცხოვროთ კომფორტულად, შემაწუხებელი სიმპტომების გარეშე.
გაიგეთ მეტი ჩვენი კლინიკის შესახებ, დაჯავშნეთ ვიზიტი „პრიმეროს” გამოცდილ ექიმებთან და ჩაიტარეთ სრულფასოვანი მკურნალობა უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მიდგომების დახმარებით.
