პულპიტი და მისი გამომწვევი მიზეზები, გაიგეთ, როგორ უმკურნალოთ პულპიტს

პულპიტი – რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები?

პულპიტი კბილის შიგნით მდებარე რბილი ქსოვილის – პულპის ანთებაა. პულპა შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს, სისხლძარღვებსა და შემაერთებელ ქსოვილს, რომლებიც კბილის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, როდესაც ეს ქსოვილი ზიანდება, ადამიანი ხშირად ინტენსიურ ტკივილს განიცდის.

რა იწვევს პულპიტს?

პულპიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი კარიესია, თუმცა კბილის ნერვის ანთება მხოლოდ მის შედეგად არ ვითარდება. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც კბილის დამცავი ფენების  დაზიანებას და ბაქტერიებს პულპამდე მიღწევის საშუალებას აძლევს. 

  • ღრმა კარიესი – კარიესი, როგორც წესი, კბილის მინანქრის მცირე დაზიანებით იწყება. საწყის ეტაპზე პაციენტს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს სიმპტომები, რის გამოც პრობლემა ხშირად შეუმჩნეველი რჩება. დროთა განმავლობაში ბაქტერიები მინანქარს აზიანებენ, დენტინში აღწევენ და დროთა განმავლობაში უახლოვდებიან პულპას.

დენტინი გაცილებით რბილი ქსოვილია, ამიტომ კარიესი მას უფრო სწრაფად აზიანებს. როდესაც ბაქტერიები პულპამდე აღწევენ, ვითარდება ინფექცია, რაზედაც ორგანიზმი ანთებითი რეაქციით პასუხობს. რადგან პულპა კბილის მყარ კედლებშია მოქცეული, ანთებით გამოწვეული შეშუპება ვერ სცდება მყარი ქსოვილების საზღვრებს, ძლიერი შიდა წნევა კი პულპიტისთვის დამახასიათებელ ძლიერ ტკივილს იწვევს.

სწორედ ამიტომ კარიესის მკურნალობა აუცილებლად დროული უნდა იყოს, რათა არ გახდეს პულპიტისა თუ სხვა სახის გართულებების მიზეზი. 

  • კბილის ტრავმა – პულპიტი ყოველთვის ინფექციის შედეგი არ არის. ზოგჯერ მისი მიზეზი კბილის მექანიკური დაზიანებაა. ძლიერი დარტყმის, დაცემის, ავტოსაგზაო შემთხვევის ან სპორტული ტრავმის დროს შეიძლება დაზიანდეს როგორც კბილის გვირგვინი, ისე მის შიგნით არსებული ნერვი. ზოგიერთ შემთხვევაში კბილი გარეგნულად სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება, თუმცა ტრავმის შედეგად პულპაში სისხლის მიმოქცევა ირღვევა და გარკვეული დროის შემდეგ ანთება ვითარდება. 

კბილის გაბზარვის ან გატყდომის შემთხვევაში კი, ბაქტერიები დაზიანებული უბნიდან ადვილად აღწევენ კბილის შიგნით, რაც ინფექციის განვითარების რისკს კიდევ უფრო ზრდის. 

  • დაზიანებული ბჟენი – ბჟენი სამუდამო არ არის. დროთა განმავლობაში ის იცვითება და მასზე ჩნდება მიკრობზარები. ასევე, შეიძლება კბილსა და ბჟენს შორის წარმოიქმნას მცირე ნაპრალები. როდესაც ბჟენი ჰერმეტულობას კარგავს, მის შიგნით საკვების ნარჩენები და ბაქტერიები ადვილად გროვდება. ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს ე.წ. მეორეული კარიესი, რომელიც ხშირად გარედან შეუმჩნეველია, მაგრამ შიგნით პროგრესირებს. ამ ტიპის კარიესის შედეგად კი შეიძლება განვითარდეს პულპიტი. 

პულპიტის სიმპტომები

როგორც აღვნიშნეთ პულპიტის მთავარი სიმპტომი ტკივილია, თუმცა მისი ინტენსივობა დაავადების სტადიის მიხედვით განსხვავდება. ადრეულ ეტაპზე პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მგრძნობელობა ცივი წყლის დალევის ან ტკბილი საკვების მიღებისას, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე წამში ქრება ან რჩება ყრუ ტკივილის სახით. ასევე, საწყის ეტაპზე მისთვის დამახასიათებელია დისკომფორტი ღეჭვისას. 

ანთების პროგრესირებასთან ერთად ტკივილი უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი ხდება. ამ ტიპის ტკივილს უკვე მფეთქავი ხასიათი აქვს, ის შესაძლოა განსაკუთრებით გაძლიერდეს ღამით ან/და ძალიან მწვავე გახდეს გამღიზიანებელთა ზემოქმედებით.

რთული შემთხვევების დროს, ტკივილი უკვე ყურის, საფეთქლის ან ქვედა ყბის მიმართულებითაც ვრცელდება. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს უჭირს იმის განსაზღვრა, თუ რომელი კბილი სტკივა, რადგან ანთება ნერვული დაბოლოებების საშუალებით მეზობელ უბნებშიც ვრცელდება.

თუ კბილის ტკივილი მოულოდნელად შეწყდა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა. ზოგიერთ შემთხვევაში ტკივილის შემცირება პულპის ნეკროზზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი ნერვი ტკივილის შეგრძნებას აღარ იწვევს, კბილის შიგნით არსებული ბაქტერიები კვლავ განაგრძობენ გამრავლებას. ინფექცია შესაძლოა ფესვის წვერსა და მის გარშემო მდებარე ძვალზეც გავრცელდეს. სწორედ ამიტომ, ტკივილის გაქრობის შემთხვევაშიც კი აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული უფრო სერიოზული გართულებები. 

როგორ ხდება პულპიტის დიაგნოსტიკა?

პულპიტის დიაგნოზი მხოლოდ სიმპტომების მიხედვით არ ისმება. მსგავსი ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების დაავადებამ, ფესვის ინფექციამ, კბილის ბზარმა ან ყბის სახსრის პრობლემებმაც. ამიტომ სტომატოლოგმა უნდა მიმართოს კომპლექსურ გამოკვლევას.

პირველ ეტაპზე ექიმი აფასებს კბილის მდგომარეობას, ამოწმებს კარიესს, ძველ ბჟენებსა და ბზარებს. შემდეგ ტარდება მგრძნობელობის სპეციალური ტესტები, რომლებიც აჩვენებს, როგორ რეაგირებს პულპა ცივზე, ცხელზე ან სხვა ტიპის სტიმულაციაზე.

აუცილებელია რენტგენოლოგიური კვლევაც, რომლის საშუალებითაც ფასდება კარიესის სიღრმე, ფესვის მდგომარეობა, ანთების გავრცელება ძვალში, ძველი არხების ან ბჟენების ხარისხი.

როგორია პულპიტის მკურნალობის გზები?

პულპიტის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის დაზიანებული კბილის ნერვი. სწორედ ამიტომ ექიმთან დროული ვიზიტი ხშირად განსაზღვრავს, შესაძლებელი იქნება თუ არა ნერვის შენარჩუნება. შესაბამისად გამოყოფენ შექცევად და შეუქცევად პულპიტს. 

შექცევადი პულპიტის დროს ანთება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ამიტომ მიზანი კბილის ნერვის შენარჩუნებაა. მკურნალობისას სტომატოლოგი სრულად აშორებს კარიესით დაზიანებულ ქსოვილებს, ასუფთავებს და ადეზინფიცირებს კბილის ღრუს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პულპის დასაცავად იყენებს სპეციალურ ბიოთავსებად მასალას. საბოლოოდ კბილი იფარება ბჟენით, რაც ხელს უშლის მასში ბაქტერიების ხელახლა შეღწევას. 

შეუქცევადი პულპიტის დროს ანთება იმდენად არის პროგრესირებული, რომ პულპის შენარჩუნება უკვე შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის მიზანია ინფექციისა და ტკივილის აღმოფხვრა და კბილისთვის ბუნებრივი იერის მიეცემა. 

მკურნალობის დროს სპეციალისტი სრულად აშორებს პულპას, სპეციალური ინსტრუმენტებით საფუძვლიანად წმენდს და ადეზინფიცირებს ფესვის არხებს, შემდეგ კი მათ ბიოთავსებადი მასალით ჰერმეტულად ხურავს. საბოლოო ეტაპია კბილის დაბჟენა, საჭიროების შემთხვევაში კი, მისი ხელოვნური გვირგვინით აღდგენა.