საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი (TMJ), რომელიც ქვედა ყბას თავის ქალასთან აკავშირებს, ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი სახსარია. ის მონაწილეობს პირის გაღება-დახურვაში, ღეჭვაში, საუბარსა და ყბის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობაში.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებები (TMD) აერთიანებს პათოლოგიებს, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც თავად სახსარსა და მის დისკთან, ისე საღეჭ კუნთებსა და მიმდებარე ქსოვილებთან. შესაბამისად, პრობლემა შეიძლება გამოვლინდეს არამხოლოდ სახსრის, არამედ სახის ან საფეთქლის ტკივილით, კუნთების დაჭიმულობით, ყბის მოძრაობის შეზღუდვით და სხვა სიმპტომებით.
ზოგ შემთხვევაში დისკომფორტი დროებითია და თავისით ქრება, თუმცა ხანგრძლივი ან განმეორებადი სიმპტომების დროს მნიშვნელოვანია მათი გამომწვევი მიზეზის დადგენა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებებს?
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევები ძირითადად შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:
- ტკივილი ან მგრძნობელობა ყბის მიდამოში – ტკივილი შეიძლება იგრძნობოდეს უშუალოდ სახსართან, ყურის წინ ან ქვედა ყბის გასწვრივ. მას ზოგჯერ ქრონიკული ხასიათი აქვს, ზოგჯერ კი მხოლოდ ყბის მოძრაობისას ვლინდება.
- ტკივილი ღეჭვისას – თუ მყარი საკვების ღეჭვა ან ხანგრძლივად ღეჭვა დისკომფორტს იწვევს, ეს შეიძლება სახსრის ან საღეჭი კუნთების გადატვირთვაზე მიანიშნებდეს.
- ტკაცუნი სახსარში – თუ მას არ ახლავს ტკივილი ან მოძრაობის შეზღუდვა, შესაძლოა, საჭირო არ გახდეს მისი მკურნალობა.
- პირის სრულად გაღების გაძნელება – შეიძლება შეიზღუდოს პირის ჩვეულ დიაპაზონში გაღება, მაგალითად, ჭამის, მთქნარების ან სტომატოლოგიური პროცედურის დროს.
- ყბის „ჩაკეტვა“ – ზოგჯერ ქვედა ყბა დროებით იჭედება, რაც სახსრის სერიოზულ ფუნქციურ დარღვევაზე შეიძლება მიანიშნებდეს.
- საღეჭი კუნთების დაჭიმულობა – ვლინდება სიმძიმით ან დაჭიმულობით ლოყის, ყბისა და საფეთქლის მიდამოში, განსაკუთრებით დილით ან ხანგრძლივი ღეჭვის შემდეგ.
- ტკივილი ყურისა და საფეთქლის მიდამოში – საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ყურთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ სახსრისა და კუნთების ტკივილი ზოგჯერ სახის ამ მიდამოებსაც გადაეცემა.
- თავის ტკივილი – სახის არეში არსებული კუნთების დაჭიმულობას ზოგ შემთხვევაში თან ახლავს თავის ტკივილიც.
ამ კლინიკური ნიშნების გამოვლენისას რეკომენდებულია გნათოლოგთან კონსულტაცია, რათა დროულად მოხდეს მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობით გართულებების პრევენცია.
რა იწვევს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემებს?
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებებს ყოველთვის ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. ზოგ შემთხვევაში პრობლემა შეიძლება უბრალოდ ყბის ტრავმამ გამოიწვიოს, თუმცა ხშირად მის განვითარებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. მათ შორისაა ბრუქსიზმი – კბილების უნებლიე დაჭერა ან კრაჭუნი, რაც ზრდის საღეჭი კუნთებისა და ყბის სახსრის დატვირთვას.
TMD-ის ზოგიერთი ფორმა უშუალოდ სახსარში მიმდინარე ცვლილებებთანაა დაკავშირებული, მაგალითად, სახსრის დისკის მდებარეობის დარღვევასთან, ტრავმით გამოწვეულ დაზიანებასთან ან სახსრის დეგენერაციულ და ანთებით დაავადებებთან. ყბის ფუნქციის დარღვევას და დატვირთვის არათანაბრად გადანაწილებას შეიძლება ხელი შეუწყოს თანკბილვის პრობლემებმაც, თუმცა ისინი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების ერთადერთ ან უშუალო მიზეზად არ განიხილება. სწორედ ამიტომ, პრობლემის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მნიშვნელოვანია ყბა-სახის სისტემის კომპლექსური შეფასება.
როგორ ხდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების დიაგნოსტიკა?
TMD-ის დასადგენად ერთი უნივერსალური კვლევა არ არსებობს. დიაგნოსტიკა პაციენტის სიმპტომების დეტალური გამოკითხვით იწყება. კლინიკური გამოკვლევის დროს სპეციალისტი ასევე აფასებს პირის გაღების დიაპაზონს, ქვედა ყბის მოძრაობის მიმართულებას, სახსარში არსებულ ხმებსა და საღეჭი კუნთების მდგომარეობას. ასევე შესაძლებელია კონკრეტულ უბნებზე ზეწოლით დადგინდეს, სად არის მომატებული მგრძნობელობა ან ტკივილი.
საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს რენტგენოლოგიური კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), რომელიც სახსრის ძვლოვანი სტრუქტურების დეტალურად შეფასების საშუალებას იძლევა, ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), რომელიც განსაკუთრებით ინფორმაციულია სახსრის დისკისა და რბილი ქსოვილების შესაფასებლად.
როგორ მკურნალობენ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებებს?
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემების მკურნალობისას უპირატესობა კონსერვატიულ, ანუ არაქირურგიულ მეთოდებს ენიჭება. პირველ ეტაპზე შეიძლება რეკომენდებული იყოს ყბის დატვირთვის დროებით შემცირება, შედარებით რბილი საკვების მიღება, კბილების დაჭერისგან თავის შეკავება და საღეჭი რეზინის გამოყენების შეზღუდვა. ექიმის მითითებით მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს სპეციალურ ვარჯიშებს, ფიზიოთერაპიას, ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ან სხვა მედიკამენტებს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალური კაპა ან სპლინტი, რომელიც პაციენტის ანატომიური მახასიათებლებისა და კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით ინდივიდუალურად მზადდება.
ინვაზიური პროცედურები ანუ ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც სახსარში კონკრეტული სტრუქტურული ცვლილებაა და არაინვაზიური მკურნალობის მეთოდები სათანადო შედეგს ვერ იძლევა.
რა კავშირი აქვს დაკარგულ კბილებს ყბის ფუნქციის გაუარესებასთან?
კბილები არა მხოლოდ საკვების დაქუცმაცებაში მონაწილეობს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღეჭვის პროცესში და ხელს უწყობს ყბის გამართულ ფუნქციონირებას. ერთი ან რამდენიმე კბილის დაკარგვის შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს ღეჭვის ჩვეული მანერა და დატვირთვის განაწილება, ამიტომ კბილის ექსტრაქციის შემდეგ მნიშვნელოვანია როგორც პირის ღრუს, ისე ყბის ფუნქციური მდგომარეობის შეფასება.
დაკარგული კბილის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია კბილის იმპლანტაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ღეჭვის ფუნქციის აღდგენა და დატვირთვის უკეთ განაწილება. თუმცა იმპლანტაცია თავისთავად საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევების მკურნალობის მეთოდი არ არის. პრობლემის სრულფასოვანი მართვისთვის მნიშვნელოვანია მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და მიღებული შედეგების საფუძველზე შესაბამისი მკურნალობის შერჩევა.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
პირის გაღება-დახურვისას გამოვლენილი ტკაცუნი ან ხანმოკლე დისკომფორტი ყოველთვის დაავადებაზე არ მიუთითებს. ექიმთან ვიზიტი რეკომენდებულია, თუ ტკივილი ხანგრძლივია, ძლიერდება ღეჭვისას ან ხშირად მეორდება. ასევე, როდესაც იზღუდება ყბის მოძრაობა, საკვების მიღება და საუბარი. სპეციალისტის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გიჭირთ პირის სრულად გაღება ან დახურვა.
კლინიკა „პრიმეროში“ შეგიძლიათ მიიღოთ სრულფასოვანი გნათოლოგიური მომსახურება და ჩაიტაროთ ყბა-სახის სისტემის დეტალური გამოკვლევა. ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები შეაფასებენ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრისა და საღეჭი კუნთების მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად შეარჩევენ მკურნალობის საუკეთესო მეთოდს.
