ყბის ძვლების ზომა, ფორმა და მათი ერთმანეთთან მიმართება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სახის პროპორციებს, სიმეტრიასა და თანკბილვას. ზედმეტად განვითარებული ან განუვითარებელი ზედა/ქვედა ყბა ხშირად იწვევს თანკბილვის დარღვევას და, ამავდროულად, ცვლის სახის პროფილს, ნიკაპის პოზიციასა და ლოყების კონტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმეტესობისთვის თანკბილვის კორექციის მთავარი მოტივაცია ესთეტიკური მხარის გაუმჯობესებაა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისიც, რომ თანკბილვის დარღვევა მხოლოდ ვიზუალური პრობლემა არ არის. ის, ასევე, შეიძლება მთელი რიგი სტომატოლოგიური გართულებების მიზეზი გახდეს.
ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ თანკბილვის დარღვევის ძირითად ტიპებს და მათ გავლენას პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. ამასთან, გაგაცნობთ მათი კორექციის თანამედროვე შესაძლებლობებს.
თანკბილვის დარღვევის ტიპები და მათი გავლენა სახის ფორმაზე
არსებობს თანკბილვის რამდენიმე ძირითადი ტიპი, რომელთაგან თითოეული განსხვავებულ გავლენას ახდენს როგორც პირის ღრუს ფუნქციაზე, ისე გარეგნობაზე.
დისტალური თანკბილვა
დისტალური თანკბილვა ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ზედა ყბა ან ზედა კბილები ქვედა ყბასთან შედარებით წინ არის წამოწეული. ზოგჯერ ამის მიზეზი ზედა ყბის ზედმეტად განვითარება, ზოგჯერ კი ქვედა ყბის არასაკმარისი განვითარებაა. ასეთ დროს, როგორც წესი, ნიკაპი უკანაა შეწეული და ვიზუალურად პატარა ჩანს. ზედა ტუჩი კი უფრო გამოკვეთილია. ზედა და ქვედა ყბის დისჰარმონია საბოლოოდ სახის სიმეტრიაზეც აისახება.
დისტალური თანკბილვის დროს ხშირად ირღვევა ღეჭვის ფუნქცია და დატვირთვა კბილებზე არასწორად ნაწილდება. არათანაბარი ზეწოლის გამო, ზოგიერთი კბილი უფრო სწრაფად ცვდება. დროთა განმავლობაში შესაძლოა ასევე თავი იჩინოს დისკომფორტის შეგრძნებამ ყბის სახსარში, კუნთების დაჭიმულობამ და კბილების მომატებულმა მგრძნობელობამ.
ღრმა თანკბილვა
ნორმალურ შემთხვევაში, ზედა კბილები ქვედა კბილებს ნაწილობრივ ფარავს, თუმცა ღრმა თანკბილვის დროს, ეს სურათი ზედმეტად გამოხატულია. ასეთი თანკბილვისას სახის ქვედა ნაწილი შეიძლება უფრო მოკლე ჩანდეს, იცვლება ტუჩების ფორმა და სახის საერთო გამომეტყველება.
ღრმა თანკბილვა, დისტალურის მსგავსად, ხშირად იწვევს კბილების ცვეთას, ასევე, ტრავმებს ღრძილებზე და ქვედა ყბის სახსრის ზედმეტად გადატვირთვას. თუ პრობლემა დროულად არ გამოსწორდა, შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა სიმპტომებმა, როგორებიცაა კბილების ტკივილი ღეჭვისას, თავის ტკივილი ან ყბის ტკაცუნი.
მედიალური თანკბილვა
მედიალური თანკბილვის დროს ქვედა ყბა ზედა ყბასთან შედარებით ზედმეტად წინ არის წამოწეული. შესაბამისად, ქვედა კბილებიც ზედა კბილებზე წინ მდებარეობს. ვიზუალურად ეს მდგომარეობა ნიკაპს უფრო დიდსა და გამოკვეთილს აჩენს, შესაბამისად, ქვედა ნაწილი ზედასთან შედარებით დომინანტურად გამოიყურება. ზოგჯერ ეს სახეს უფრო მკაცრ ან დაძაბულ იერს აძლევს.
მედიალური თანკბილვაც დიდ გავლენას ახდენს ღეჭვის ფუნქციის გამართულობაზე. კბილების არასწორი ურთიერთქმედება ზრდის ცვეთის, ბზარების გაჩენის, მგრძნობელობისა და ყბის სახსრის გადატვირთვის რისკს. ასევე, შესაძლოა დაიჭიმოს საღეჭი და კისრის კუნთებიც.
ღია თანკბილვა
ღია თანკბილვა ეწოდება მდგომარეობას, როდესაც პირის დახურვისას ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთს სრულად არ ეხება და მათ შორის სივრცე რჩება.
თუ ღია თანკბილვა წინა კბილებთან არის გამოხატული, პაციენტს უჭირს ღეჭვა, ამასთან, ის იწყებს პირით სუნთქვას. ღია სივრცის არსებობა, ხშირად განაპირობებს ტუჩებისა და პირის ღრუს გამოშრობასაც. ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მეტყველებაზეც და გართულდეს ზოგიერთი ბგერის სწორად წარმოთქმა. უკანა კბილებთან დაკავშირებული ღია თანკბილვა კი, აღნიშნული პრობლემების გარდა, ვიზუალურად გამოიხატება ჩავარდნილი ლოყებით.
ჯვარედინი თანკბილვა
ჯვარედინი თანკბილვა არის მდგომარეობა, როდესაც ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთთან არასწორი მიმართებითაა. უფრო კონკრეტულად, ამ დროს ზოგიერთი ზედა კბილი ქვედა კბილების შიგნით ხვდება, ნაცვლად იმისა, რომ მათ გარეთა მხრიდან ფარავდეს. ამ ტიპის თანკბილვა ხშირად დაკავშირებულია ზედა ან ქვედა ყბის არათანაბარ განვითარებასთან.
თუ დარღვევა მხოლოდ ერთ მხარეს არის გამოხატული, დროთა განმავლობაში შესაძლოა ნიკაპმა შეიცვალოს პოზიცია, ერთი ლოყა უფრო გამოკვეთილი გახდეს და ჩამოყალიბდეს სახის ასიმეტრია.
თანკბილვის ნორმალიზება – მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
თანამედროვე ორთოდონტიის მთავარი ამოცანაა კბილების, ყბების, საღეჭი კუნთებისა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სწორი ფუნქციისა და სახის ჰარმონიის აღდგენა. მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, თანკბილვის ტიპზე და პრობლემის სირთულეზე.
ორთოდონტიული მოწყობილობები ბავშვებში
სასურველია, ყბების განვითარების კონტროლი ბავშვობის ასაკიდანვე დაიწყოს. გამოცდილი სტომატოლოგი, დარღვევებს მარტივად შეამჩნევს, რა დროსაც სპეციალური ორთოდონტიული აპარატების დახმარებით პრობლემის გამოსწორებაც გაცილებით იოლია. გარდა ამისა, ეს მომავალში უფრო კომპლექსური მკურნალობის საჭიროებას აღმოფხვრის.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები ორთოდონტიული მონიტორინგის დაწყებას დაახლოებით 7 წლის ასაკიდან გვირჩევენ.
ბრეკეტ სისტემები
ბრეკეტები თანკბილვის კორექციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ფართოდ გავრცელებული მეთოდია. მათი დახმარებით შესაძლებელია კბილების სწორ პოზიციაში გადანაცვლება, კბილთა რიგების გასწორება და მათ შორის სწორი კონტაქტის აღდგენა.
დღეს ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ბრეკეტები, მათ შორის, მეტალის, კერამიკის, საფირონის ბრეკეტები და თვითლიგირებადი სისტემები.
ბრეკეტებით მკურნალობის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 12-24 თვეა, თუმცა ის მაინც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე.
გამჭვირვალე კაპები (ელაინერები)
ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა გამჭვირვალე კაპებით ანუ ელაინერით მკურნალობა. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა კბილები ეტაპობრივად გასწორდეს პრაქტიკულად შეუმჩნეველი აპარატების დახმარებით. ელაინერების უპირატესობაა ესთეტიკურობა, კომფორტულობა, ჰიგიენის დაცვის სიმარტივე და კვების დროს მისი მოხსნის შესაძლებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალე კაპები ეფექტიანია სხვადასხვა ტიპის დარღვევების დროს, ზოგიერთი რთული ორთოდონტიული ანომალია შესაძლოა მხოლოდ ელაინერით სრულად ვერ გამოსწორდეს. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ბრეკეტ სისტემები ან კომბინირებული მკურნალობა.
კომბინირებული მკურნალობა
განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, საჭიროა არამხოლოდ ორთოდონტიული სისტემებით მკურნალობა, არამედ ქირურგიული ჩარევაც. მაგალითად, შესაძლოა საჭირო გახდეს კბილის ამოღება ბრეკეტების ან ელაინერების სწორად ჩასასმელად. ზოგჯერ ინიშნება უფრო რთული მანიპულაციებიც, განსაკუთრებით მძიმე დისტალური და მედიალური თანკბილვის დროს, როდესაც სასურველი შედეგისთვის მხოლოდ კბილების პოზიციის გადაადგილება საკმარისი არ არის.
დაბოლოს, აუცილებელია, რომ ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებამდე, წინასწარ შეფასდეს პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობა და კბილების მდგომარეობა. საქმე ისაა, რომ ორთოდონტიული კონსტრუქციების ჩასმის შემდეგ, რთულდება ისეთი პროცედურების შესრულება, როგორებიცაა დაბჟენა, კბილის არხების მკურნალობა და სხვა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, მკურნალობის დაწყებამდე და მას შემდეგაც, ჩატარდეს კბილების წმენდის პროცედურები, რადგან ბრეკეტები თუ სხვა ორთოდონტიული კონსტრუქციები ართულებს პირის ღრუს ჰიგიენის სათანადოდ დაცვას.
სტომატოლოგიური კლინიკა „პრიმერო“ გთავაზობთ თანკბილვის ნებისმიერი დარღვევის მკურნალობას უახლეს მეთოდებითა და თანამედროვე მოწყობილობებით. კონსულტაციისთვის, სასურველია, სტომატოლოგთან წინასწარ ჩაწერა.
დროულად დაგეგმეთ ვიზიტი და თავიდან აიცილეთ გართულებები!
