ღრძილების ანთების გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ღრძილების ანთება – ყველაფერი, რაც მასზე უნდა იცოდეთ

პირის ღრუს სიჯანსაღისთვის, ჯანმრთელი კბილების გარდა, უმნიშვნელოვანესია ღრძილების მდგომარეობაც. სწორედ ეს ქსოვილები ქმნის მყარ საყრდენს კბილებისთვის და იცავს მათ გარშემო არსებულ სტრუქტურებს. ამიტომ ღრძილებზე გამოვლენილ ნებისმიერ ცვლილებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს დროული რეაგირება. 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემა ღრძილების ანთებაა. საწყის ეტაპზე დაავადება მსუბუქი სიმპტომებით ვლინდება, უყურადღებობის შემთხვევაში, კი პროცესი პროგრესირებას განაგრძობს. შედეგად, დროთა განმავლობაში ზიანდება კბილების საყრდენი ქსოვილები, რაც უბრალოდ დისკომფორტსა და ტკივილს კი არ იწვევს, არამედ ზრდის კბილების დაკარგვის რისკსაც. 

რა იწვევს ღრძილების ანთებას?

ღრძილების ანთების განვითარებას სხვადასხვა ფაქტორი ან მათი ერთობლიობა განაპირობებს, რომელთა შორისაც ყველაზე გავრცელებულია:

  • ბაქტერიული ნადები – ყოველდღიურად კბილებზე, კბილთა შორის სივრცეებსა და ღრძილების გასწვრივ საკვების ნარჩენებისა და ბაქტერიებისგან წარმოქმნილი რბილი ნადები გროვდება. ბაქტერიები გარკვეული დროის შემდეგ ტოქსინების გამოყოფას იწყებს, რომლებიც ღრძილების გაღიზიანებას და ანთებას იწვევს. იმისათვის, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს, აუცილებელია ყოველდღიური ჰიგიენური ნორმების დაცვა ანუ კბილების რეგულარული გამოხეხვა.
  • პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა – კბილების არარეგულარული ან არასწორი გახეხვა, ასევე, კბილთა შორის სივრცეების არასათანადოდ გასუფთავება ბაქტერიების დაგროვების რისკსა და, შესაბამისად, ანთების განვითარების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. 
  • მოწევა – თამბაქოს მოხმარება ღრძილების ანთების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. ის აფერხებს ღრძილებში სისხლის მიმოქცევას და ქსოვილების ბუნებრივად აღდგენის პროცესს. ამასთანავე, ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმს ბაქტერიებთან ბრძოლა უჭირს. შედეგად, ანთების წარმოქმნის რისკიც იზრდება და მისი მკურნალობაც რთულდება. 
  • ჰორმონალური ცვლილებები – ჰორმონალური ცვლილებების დროს, განსაკუთრებით ორსულობის, სქესობრივი მომწიფებისა და მენოპაუზის პერიოდში, ღრძილები უფრო მგრძნობიარე ხდება ბაქტერიების მიმართ. ამის გამო, შესაძლოა, ანთების განვითარება მცირე რაოდენობის ნადებმაც კი გამოიწვიოს. 
  • ქრონიკული დაავადებები – ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ზრდის ღრძილების ანთების განვითარების რისკს. სისხლში გლუკოზის მაღალი დონე ხელს უწყობს ინფექციების განვითარებას და აფერხებს ქსოვილების შეხორცებას, რის გამოც ანთებითი პროცესის კონტროლი უფრო რთულდება.
  • იმუნური სისტემის დაქვეითება – როდესაც იმუნური სისტემა დასუსტებულია, ორგანიზმი პრობლემის გამომწვევ ფაქტორებს ეფექტიანად ვეღარ უმკლავდება. ამის გამო პირის ღრუში არსებული ბაქტერიები უფრო ადვილად იწვევს ანთებით პროცესებს.
  • ვიტამინების დეფიციტი – განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ C ვიტამინი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლაგენის წარმოქმნასა და ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მისი დეფიციტის შემთხვევაში ღრძილები უფრო მგრძნობიარე ხდება და ადვილად ზიანდება.

ღრძილების ანთებითი დაავადებები

ღრძილების ანთებითი დაავადებები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა – გინგივიტად და პაროდონტიტად. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მდგომარეობა ანთებით პროცესს უკავშირდება, მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც.

  • გინგივიტი – გინგივიტი ღრძილების ანთების საწყისი სტადიაა. ამ დროს ანთება მხოლოდ ღრძილის ზედაპირულ ქსოვილებს მოიცავს. დაავადება, როგორც წესი, ვლინდება ღრძილების სიწითლით, შეშუპებითა და სისხლდენით, განსაკუთრებით კბილების გახეხვის დროს. დროული დიაგნოსტიკისა და შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში გინგივიტის მკურნალობა მარტივადაა შესაძლებელი.
  • პაროდონტიტი – ის ვითარდება მაშინ, როდესაც ანთებითი პროცესი ღრმა ქსოვილებზე ვრცელდება. ამ დროს ზიანდება არამხოლოდ ღრძილები, არამედ პაროდონტი – კბილის საყრდენი ქსოვილების ერთობლიობა, რომელიც კბილის სტაბილურობასა და ყბის ძვალში ფიქსაციას უზრუნველყოფს. დაავადებას შესაძლოა თან ახლდეს ღრძილების განლევა და ე.წ. პაროდონტული ჯიბეები. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს კბილების მორყევა და მძიმე შემთხვევებში, მათი დაკარგვაც.

ღრძილების ანთების სიმპტომები

ღრძილების ანთება საწყის ეტაპზე ხშირად მსუბუქი სიმპტომებით ვლინდება, თუმცა, მის პროგრესირებასთან ერთად კლინიკური ნიშნები უფრო გამოხატული და შემაწუხებელი ხდება. ღრძილების ანთების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • სისხლდენა – ღრძილებიდან სისხლდენა ანთების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და გავრცელებული ნიშანია. ის ხშირად კბილების გახეხვის, კბილის ძაფის გამოყენების ან მყარი საკვების ღეჭვის დროს ვლინდება.
  • ღრძილების სიწითლე და შეშუპება – ანთებითი პროცესის დროს ღრძილები ბუნებრივ ვარდისფერს კარგავს, წითლდება და შუპდება. 
  • ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა – ანთების შედეგად ღრძილები შესაძლოა გახდეს მტკივნეული და მგრძნობიარე, განსაკუთრებით საკვების მიღების ან კბილების გახეხვის დროს. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება დისკომფორტი ცხელი, ცივი ან მჟავე საკვების მიღების დროსაც.
  • უსიამოვნო სუნი პირიდან – ბაქტერიების დაგროვებამ და ანთებითმა პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს მუდმივი უსიამოვნო სუნი პირიდან. ხშირ შემთხვევაში სუნი კბილების გახეხვის შემდეგაც არ ქრება.
  • პაროდონტული ჯიბეების ჩამოყალიბება – ღრძილსა და კბილს შორის შესაძლოა გაჩნდეს ღრმა სივრცეები, ე.წ. პაროდონტული ჯიბეები, სადაც ბაქტერიები და საკვების ნარჩენები გროვდება. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო უწყობს ხელს ანთებით პროცესს და დაავადების პროგრესირებას. 

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ღრძილების ანთების წარმატებული მკურნალობის საფუძველი დროული და ზუსტი დიაგნოსტიკაა. დიაგნოსტიკის დროს ექიმი დეტალურად აფასებს ღრძილებისა და პირის ღრუს საერთო მდგომარეობას. დგინდება ანთების ხარისხი, კბილის ნადებისა და კბილის ქვის არსებობა. ასევე მოწმდება პაროდონტული ჯიბეების სიღრმე, რაც ღრძილებისა და კბილის საყრდენი ქსოვილების მდგომარეობის შეფასების საშუალებას იძლევა. საჭიროების შემთხვევაში ტარდება რენტგენოლოგიური კვლევაც.

საწყის ეტაპზე მკურნალობის მთავარი მიზანია ანთების გამომწვევი მიზეზების, მაგალითად, ბაქტერიული ნადებისა და კბილის ქვის მოცილება. პროცედურის შემდეგ პაციენტი იღებს რეკომენდაციებს პირის ღრუს სწორი ჰიგიენის შესახებ, რაც აუცილებელია მიღებული შედეგის შენარჩუნებისთვის. რთულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს პაროდონტული ჯიბეების ღრმა წმენდა, მედიკამენტურ თერაპია და ქირურგიულ ჩარევა.