რეტეინერის შეცვლა და ხელახალი ფიქსაცია

როდის არის საჭირო რეტეინერის შეცვლა ან ხელახალი ფიქსაცია?

ორთოდონტიული მკურნალობა, რომელიც კბილების არასწორი განლაგების, თანკბილვის დარღვევებისა და ყბების დეფორმაციების გამოსწორებას ისახავს მიზნად, რამდენიმე საფეხურისგან შედგება. არადა ბევრი ფიქრობს, რომ ის მხოლოდ ბრეკეტების ან ელაინერების გაკეთებითა და მათი მოხსნით შემოიფარგლება. ამ დროს, შედეგის შენარჩუნებისთვის აუცილებელია დამატებითი პროცედურა, კონკრეტულად, რეტეინერით მკურნალობა. 

როგორ მივხვდეთ, რომ ის სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და როდის უნდა მივმართოთ ორთოდონტს? – ბლოგში ამ საკითხებს შევეხებით. 

რატომ არის მნიშვნელოვანი რეტეინერის გამართულობა?

რეტეინერი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან მოსახსნელი. ფიქსირებული რეტეინერი თხელი მავთულია, რომელიც კბილების შიდა ზედაპირზე მაგრდება, ხოლო მოსახსნელი უმეტესად გამჭვირვალე კაპის ფორმის კონსტრუქციაა. 

რა შეიძლება გახდეს დაზიანების მიზეზი?

მიუხედავად იმისა, რომ რეტეინერი ყოველდღიური გამოყენებისთვისაა გამიზნული და საკმაოდ მყარი კონსტრუქციაა, დროთა განმავლობაში მასზე სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს. მათ შორისაა:

  • მექანიკური დატვირთვა – მაგარმა ან წებოვანმა საკვებმა შეიძლება მავთულის ან მისი საფიქსაციო დეტალების დაზიანება გამოიწვიოს.
  • კბილების კრაჭუნი ან ძლიერი მოჭერა – თუ პაციენტი ძილის დროს კბილებს ძლიერად აჭერს ან აკრაჭუნებს, კონსტრუქციაზე დამატებითი ზეწოლა იქმნება. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგომარეობის პერიოდული შეფასება.
  • არასწორად გამოყენება – მოსახსნელი რეტეინერი შეიძლება დაზიანდეს მისი არასწორად მოხსნის, მოთავსების ან შენახვის შედეგად.
  • მაღალი ტემპერატურა – მოსახსნელი რეტეინერის ცხელ წყალში გარეცხვამ ან მაღალ ტემპერატურაზე დატოვებამ შესაძლოა მისი დეფორმირება გამოიწვიოს.
  • ბუნებრივი ცვეთა – ხანგრძლივი გამოყენებისას რეტეინერის მასალა თანდათან შეიძლება გაცვდეს. ეს განსაკუთრებით მოსახსნელ კონსტრუქციებს ეხება.

ფიქსირებული რეტეინერზე არსებული ცვლილებები ყოველთვის თვალსაჩინო არ არის. შესაძლებელია მავთული მთლიანად არ იყოს დაზიანებული, მაგრამ შეცვლილი იყოს გარკვეული დეტალების მდგომარეობა.

ორთოდონტთან ვიზიტი სასურველია, თუ:

  • მავთული მოცილებულია რომელიმე კბილის ზედაპირიდან;
  • რეტეინერი მოძრაობს ან უჩვეულოდ მოქნილია;
  • ენით შეხებისას გრძნობთ მავთულის ფორმის ცვლილებას;
  • რეტეინერი ენას ან პირის ღრუს რბილ ქსოვილებს გაღიზიანებთ;
  • კონსტრუქციის რომელიმე ნაწილი გატყდა;
  • შეამჩნიეთ, რომ კბილის მდებარეობა შეიცვალა.

ასეთ შემთხვევაში დაზიანებული რეტეინერის დამოუკიდებლად გასწორება ან მოხსნა რეკომენდებული არ არის. ამ დროს უნდა მიმართოთ ორთოდონტს, რომელიც შეაფასებს როგორც კონსტრუქციას, ისე კბილების პოზიციას და გადაწყვეტს, საჭიროა მისი ხელახალი ფიქსაცია თუ შეცვლა.

რა მოხდება, თუ დაზიანებული რეტეინერის ტარებას განვაგრძობთ?

დაზიანებისას ფერხდება მკურნალობის პროცესი ან უარესდება მიღწეული შედეგი. ცვლილება შესაძლოა თავდაპირველად იმდენად მცირე იყოს, რომ პაციენტმა ვერც კი შეამჩნიოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ვიზიტები ექიმთან. ამ დროს ორთოდონტი ამოწმებს, რამდენად გამართულად ასრულებს ის თავის ფუნქციას და ხომ არ შეინიშნება კბილების პოზიციის ცვლილება. ფიქსირებული რეტეინერის შემთხვევაში ექიმი ასევე აფასებს მავთულისა და მისი საფიქსაციო მასალისა და დეტალების მდგომარეობას. მოსახსნელი კონსტრუქციის შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია შემოწმდეს, რამდენად სწორად ერგება ის კვლავ კბილებს და ხომ არ არის დეფორმირებული.

თუ კბილების გადაადგილება უკვე დაწყებულია, მხოლოდ ძველის შეკეთება შეიძლება საკმარისი აღარ აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში შემდგომი მოქმედების გეგმა ორთოდონტმა დეტალური დიაგნოსტიკის შემდეგ უნდა განსაზღვროს.