გაიგეთ რომელი პროდუქტებია სასარგებლო და რომლებია საზიანო კბილებისთვის

რომელი პროდუქტები უწყობს ხელს პირის ღრუს ჯანმრთელობას და რომელი აზიანებს მას?

ჯანსაღი პირის ღრუს შესანარჩუნებლად კბილების რეგულარული გახეხვა და სხვა ჰიგიენური პროცედურების ჩატარება აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს კვების რაციონსაც. ზოგიერთი საკვები პროდუქტი ხელს უწყობს კბილის მინანქრის გამაგრებას და, ზოგადად, პირის ღრუს ჯანმრთელობას, ზოგი კი, პირიქით, მნიშვნელოვნად ზრდის კარიესისა და სხვა სტომატოლოგიური პრობლემების განვითარების რისკს. 

კარიესის პრევენციისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გაგაცნობთ პროდუქტებს, რომლებიც სასურველია ყოველდღიურ რაციონში შეიტანოთ. ასევე განვიხილავთ იმ პროდუქტებსაც, რომელთა შეზღუდვასაც სტომატოლოგები განსაკუთრებით გვირჩევენ. 

პროდუქტები, რომლებიც კბილებისთვის სასარგებლოა

რძის პროდუქტები

კბილების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა რძე და რძის ნაწარმი, როგორებიცაა ყველი, ხაჭო, მაწონი და იოგურტი. ისინი მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით – მინერალებით, რომლებიც კბილის მინანქრის ძირითად საშენ მასალას წარმოადგენს. მათი რეგულარული მიღება ხელს უწყობს მინანქრის გამაგრებას და ზრდის კბილის გამძლეობას. თუ ლაქტოზის აუტანლობა გაქვთ, კარგი ალტერნატივაა კალციუმით გამდიდრებული მცენარეული რძე. 

ბოსტნეული და ხილი

უმი და შედარებით მყარი ბოსტნეული, როგორებიცაა სტაფილო, ნიახური, კიტრი და ბროკოლი ბუნებრივი „კბილის ჯაგრისის“ ფუნქციას ასრულებს. მათი ღეჭვისას კბილებიდან საკვების ნარჩენები შორდება და მათი ზედაპირების იწმინდება. ამასთანავე, მყარი საკვების დაღეჭვა ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას. ნერწყვი კი საკვების მიღების შემდეგ წარმოქმნილ მჟავებს ანეიტრალებს, რაც მნიშვნელოვანია პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლების პრევენციისთვის. თუმცა, გაითვალისწინეთ, ბოსტნეული თუ სხვა მყარი საკვები ვერ ჩაანაცვლებს ჯაგრისით კბილების ფუნდამენტურ წმენდას. 

იგივე შეეხება მყარ ხილსაც, თუმცა უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ხილი ბუნებრივ შაქარსაც შეიცავს. ამიტომ მისი მიღების შემდეგ სასურველია წყლის დალევა ან პირის წყლით გამოვლება. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ციტრუსოვანი ხილის მიღებისას, რადგან მათში შემავალმა მჟავებმა შესაძლოა კბილის მინანქრის დაზიანება გამოიწვიოს. 

თხილეული

ნუში, ნიგოზი, თხილი და კეშიუ შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმსა და სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს როგორც კბილის ქსოვილების, ისე ღრძილების ჯანმრთელობას. 

თხილეული ტკბილეულის ჯანსაღ ალტერნატივად მიიჩნევა, რადგან მცირე რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ შაქარს და მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. მიუხედავად ამისა, მისი მაღალკალორიულობის გამო, რეკომენდებულია მისი ზომიერი რაოდენობით მიღება. 

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი შეიცავს კატექინებს – ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აფერხებს ზოგიერთი მავნე ბაქტერიის ზრდასა და გამრავლებას. შაქრის გარეშე მიღებული მწვანე ჩაი ასევე კარგი საშუალებაა ღრძილების ანთების შესამცირებლად და უსიამოვნო სუნის პრევენციისთვის. 

შეეცადეთ, არ დალიოთ ძალიან ცხელი ჩაი, რადგან მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა დროთა განმავლობაში მინანქრის მგრძნობელობა გაზარდოს. 

დაბოლოს, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი. ის უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ მთელი ორგანიზმისთვის, არამედ კბილებისთვისაც. ყოველი ჭამის შემდეგ წყლის დალევა ხელს უწყობს საკვების ნარჩენების ჩამორეცხვას, ამცირებს პირის ღრუს მჟავიანობას და, შესაბამისად, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. 

პროდუქტები, რომლებიც კბილებს აზიანებს

ახლა კი განვიხილოთ ის პროდუქტები, რომლებიც კბილებს ყველაზე მეტად აზიანებს და რომელთა შეზღუდვა ან ზომიერად მიღება გვმართებს, თუ ჯანსაღი პირის ღრუს შენარჩუნება გვსურს.  

ტკბილეული

შაქარი პირის ღრუში არსებული ბაქტერიებისთვის კვების ძირითადი წყაროა, შესაბამისად, მისი მიღებისას მნიშვნელოვნად იზრდება მათი აქტივობა. ბაქტერიები შაქარს შლიან და წარმოქმნიან მჟავებს, რომლებიც თანდათან აზიანებს კბილის მინანქარს. სწორედ ამიტომ, ტკბილეულის ხშირად მიღება ზრდის კარიესის განვითარების რისკს. 

განსაკუთრებით საზიანოა კარამელი, ირისი, ჟელე და სხვა წებოვანი ტკბილეული. ისინი ადვილად ეკვრის კბილის ზედაპირს და დიდხანს რჩება მასზე, რაც ბაქტერიებისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

თუ ტკბილეულის სრულად ამოღებას ვერ ახერხებთ, უმჯობესია ის ძირითადი კვების დროს მიირთვათ და მიღების შემდეგ კბილები კარგად გამოიხეხოთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, პირში წყალი გამოივლეთ, რათა კბილებზე დარჩენილი შაქრისა და საკვების ნარჩენების რაოდენობა შემცირდეს. 

გაზიანი და ენერგეტიკული სასმელები

გაზიანი სასმელები ერთდროულად შეიცავს შაქარსა და მჟავებს, რაც კბილებისთვის ორმაგ საფრთხეს ქმნის. შაქარი ხელს უწყობს კარიესის განვითარებას, ხოლო სასმელში შემავალი ფოსფორის მჟავა და ლიმონმჟავა კბილის მინანქრის დემინერალიზაციასა და დაზიანებას იწვევს.

ციტრუსის წვენები

ჩირი

ჩირი ჯანსაღი წასახემსებელია, თუმცა თუ ჰიგიენურ ნორმებს არ დავიცავთ, მან შესაძლოა კბილები დააზიანოს. გარდა იმისა, რომ ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ შაქარს, მას აქვს წებოვანი სტრუქტურა. ამის გამო ადვილად ეკვრის კბილებს და დიდხანს რჩება მათ ზედაპირსა თუ მიუდგომელ ადგილებში. თუ ჩირს ხშირად მიირთმევთ, ჭამის შემდეგ აუცილებლად გამოივლეთ წყალი ან საუკეთესო შემთხვევაში საფუძვლიანად გაიწმინდეთ კბილები ჯაგრისით. 

ყავა და წითელი ღვინო

რატომ არის ექიმთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანი?

გარდა კბილების პროფესიონალური წმენდისა, გარკვეული პერიოდულობით არანაკლებ მნიშვნელოვანია პირის ღრუს ზოგადი შეფასებაც. კარიესი, ღრძილების ანთება, ბზარები კბილზე თუ მინანქრის დაზიანებები ხშირად საწყის ეტაპზე თვალისთვის სრულიად უხილავია. ამიტომ აუცილებელია წელიწადში 1-2-ჯერ პირის ღრუ სპეციალისტის მიერ შესაბამისი აპარატურის დახმარებით შეფასდეს.

ჩვენს კლინიკაში ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომრებზე +995 597 268 787 / +995 596 268 787.