კბილის ტკივილი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც პაციენტები სტომატოლოგებს მიმართავენ. ის შეიძლება იყოს მსუბუქი და პერიოდული, ასევე, ძლიერი, მფეთქავი და აუტანელი, განსაკუთრებით ღამის საათებში. უმეტეს შემთხვევაში, კბილის ტკივილი მწვავე სტომატოლოგიური პრობლემის მთავარი კლინიკური ნიშანია და პროფესიონალური მკურნალობის საჭიროებაზე მიანიშნებს.
რა იწვევს მას, როგორ მოვიქცეთ კბილის ტკივილის დროს და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს შემაწუხებელი სიმპტომი? – ბლოგში ამ და სხვა კითხვებს გავცემთ პასუხს.
რატომ გვტკივა კბილი?
კბილის ტკივილი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული. მისი მიზეზის ზუსტად დადგენა კი მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან სწორედ ის განსაზღვრას მკურნალობის გეგმას. კბილის ტკივილის მთავარ გამომწვევ მიზეზთა შორისაა:
- კარიესი – კარიესი კბილის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია და ის უკვე დაავადების შორსწასულ ფორმაზე მიუთითებს. გაითვალისწინეთ, რომ, როგორც წესი, კარიესის მკურნალობა მისი განვითარების საწყის ეტაპზე საკმაოდ მარტივია, ხოლო გამწვავებასთან ერთად, რთულდება მკურნალობის პროცესიც.
კარიესი იწყება კბილის მინანქრის დაზიანებით, რომელსაც ბაქტერიები და მათ მიერ წარმოქმნილი მჟავები იწვევს. საწყის ეტაპზე კარიესი, როგორც წესი, უსიმპტომოა, თუმცა დაზიანების გაღრმავებასთან ერთად იზრდება მგრძნობელობა ცივი ან ცხელი საკვების მიმართ, ასევე, ტკბილი ან მჟავე პროდუქტების მიღებისას. საბოლოოდ კი, ის მწვავე ტკივილის სახით ვლინდება.
კარიესის მკურნალობისას, უმეტეს შემთხვევაში, საჭიროა კბილის დაბჟენვა (პლომბირება), რაც გულისხმობს დაზიანებული ქსოვილის მოცილებას და წარმოქმნილი ღრუს სპეციალური საბჟენი მასალით ამოვსებას.
- პულპიტი – პულპიტი კბილის შიგნით მდებარე რბილი ქსოვილის – პულპის ანთებაა. ის ყველაზე ხშირად ღრმა კარიესის, ტრავმის ან ძველი, დაზიანებული ბჟენის შედეგად ვითარდება.
პულპიტისთვის დამახასიათებელია ძლიერი, მფეთქავი ტკივილი, ასევე, სპონტანური ტკივილი, რომელიც ყოველგვარი გამღიზიანებლის გარეშე იწყება. ის შეიძლება გაძლიერდეს ღამით ან/და გავრცელდეს ყბის, ყურის ან საფეთქლის არეში.
პულპიტის დროს, როგორც წესი, აუცილებელია კბილის არხის მკურნალობა, რაც კბილის შიგნით არსებული დაზიანებული ან ინფიცირებული რბილი ქსოვილის ანუ პულპის მოშორებას, ფესვის არხების გაწმენდასა და მათ ბიოთავსებადი მასალით ამოვსებას გულისხმობს.
- ღრძილების ანთება და პაროდონტის დაავადებები – კბილის ტკივილის შეგრძნება ყოველთვის კბილიდან არ მოდის. გარკვეულ შემთხვევაში დისკომფორტის მიზეზი ღრძილების ანთება ან პაროდონტის დაავადებებია.
საწყის ეტაპზე შეიძლება გამოვლინდეს ღრძილების სიწითლე, შეშუპება, სისხლდენა კბილების გახეხვისას და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ღრძილის ანთებითი დაავადებების დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, ინფექცია კბილის ფესვამდე აღწევს, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პაროდონტოლოგის კონსულტაცია, რადგან მხოლოდ პროფესიონალურ მკურნალობას შეუძლია ანთების შეჩერება და კბილის საყრდენი ქსოვილების დაცვა.
- კბილის ბზარი ან მოტეხილობა – ზოგჯერ კბილის ტკივილის მიზეზი კბილზე არსებული ბზარები და მოტეხილობებია. ასეთ დროს ტკივილი ხშირად თავს იჩენს მხოლოდ ღეჭვის ან კბილზე ზეწოლის დროს და შეიძლება მალევე გაქრეს. თუმცა დროთა განმავლობაში ბზარი ფართოვდება, რაც ბაქტერიების კბილის შიგნით შეღწევასა და ანთების განვითარებას განაპირობებს.
თუ ღეჭვისას კბილი მგრძნობიარეა ან ტკივილს გრძნობთ, გირჩევთ სტომატოლოგთან ვიზიტის დროულად დაჯავშნას, მაშინაც კი, თუ კბილზე ვერანაირ ცვლილებას ვერ ამჩნევთ. ზოგჯერ მიკრობზარები და მოტეხილობები თვალისთვის უხილავია და მხოლოდ სპეციალური აპარატურით დათვალიერებისას ვლინდება.
- სიბრძნის კბილის ამოჭრის პროცესი – რადგანაც სიბრძნის კბილები ზრდასრულ ასაკში იწყებს ამოჭრას, ხშირად მათთვის პირის ღრუში საკმარისი ადგილი აღარ რჩება. ამის გამო კბილი შეიძლება ნაწილობრივ ამოვიდეს ან ძვალშივე დარჩეს. ეს კი ღრძილის შეშუპებას, ძლიერ ტკივილს, ღეჭვის გაძნელებას, პირის გაღების შეზღუდვას და ზოგჯერ ტემპერატურის მატებას იწვევს. როგორც წესი, ასეთ დროს აუცილებელია კბილის ამოღება (ექსტრაქცია).
- კბილების ღრჭენა (ბრუქსიზმი) და არასწორი თანკბილვა – ბრუქსიზმი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი უნებლიედ აჭერს ან აღრჭენს კბილებს, განსაკუთრებით ძილის დროს. ხშირ შემთხვევაში პაციენტმა თავად არც კი იცის ამ ჩვევის შესახებ.
ბრუქსიზმის დროს შესაძლოა დილაობით გამოვლინდეს ყბის დაჭიმულობა, კბილების მგრძნობელობა და ყბის სახსრის ტკივილი. დროთა განმავლობაში კი დაზიანდეს მინანქარი და გაჩნდეს ბზარები. იგივე პრობლემების მიზეზი შესაძლოა იყოს არასწორი თანკბილვაც.
აღნიშნული სტომატოლოგიური პრობლემების მიერ გამოწვეული ტკივილი ხშირად დაკავშირებულია არა უშუალოდ კბილთან, არამედ ყბის სახსრისა და საღეჭი კუნთების გადატვირთვასთან. ასეთ დროს მნიშვნელოვანია გნათოლოგის შეფასება, რომელიც დაადგენს პრობლემის მიზეზს და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს მკურნალობის გეგმას.
ბრუქსიზმის დროს უმეტესად საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სამკურნალო კაპა (სპლინტი) გამოიყენება, ხოლო თანკბილვის პრობლემების მკურნალობა შესაძლებელია სხვადასხვა ორთოდონტიული კონსტრუქციებით, მათ შორის ბრეკეტებითა და ელაინერებით.
კბილის ტკივილი ღამით – რატომ ძლიერდება?
ზოგჯერ კბილის ტკივილი ღამით უფრო ინტენსიური ხდება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
- ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავის არეში სისხლის მიმოქცევა იზრდება, რაც ანთების კერაზე ზეწოლას აძლიერებს და ტკივილს უფრო ამწვავებს;
- ღამის განმავლობაში ნაკლები გარეგანი გამღიზიანებელია, ამიტომ ტკივილი უფრო მკვეთრად აღიქმება;
- კბილის ნერვის ანთებისთვის დამახასიათებელი ტკივილი ღამის საათებში ხშირად მფეთქავ და პულსირებად ხასიათს იღებს.
თუ კბილის ტკივილი ღამით რეგულარულად ძლიერდება, ძილის საშუალებას არ გაძლევთ ან ტკივილგამაყუჩებლის მიღების მიუხედავად არ მცირდება, ეს რთულ სტომატოლოგიურ პრობლემაზე მიანიშნებს, რაც დროულ ჩარევას მოითხოვს.
როგორ მოვიქცეთ კბილის ტკივილის დროს?
თუ სტომატოლოგთან დაუყოვნებლივ მისვლას ვერ ახერხებთ, მაშინ შეგიძლიათ ტკივილის შესამსუბუქებლად რამდენიმე ღონისძიებას მიმართოთ:
- მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs), მაგალითად იბუპროფენი, ხშირად ეფექტიანია ტკივილისა და ანთების შესამცირებლად. თუმცა, სასურველია, მათ მიღებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- გამოივლეთ პირში თბილი მარილიანი წყალი – ეს ხელს უწყობს საკვების ნარჩენების მოცილებას და დროებით ამცირებს ანთებას.
- დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა – ნაზად გაიხეხეთ კბილები და გამოიყენეთ კბილის ძაფი. ზოგჯერ ტკივილს კბილებს შორის გაჭედილი საკვები იწვევს.
- მოერიდეთ ძალიან ცხელ, ცივ ან ტკბილ საკვებს/სასმელს – თუ კბილის ნერვი გაღიზიანებულია, მსგავსი საკვები და სასმელი ტკივილს კიდევ უფრო გაგიძლიერებთ.
- ნუ დაიდებთ ასპირინს პირდაპირ კბილზე – ამ მეთოდს კბილის ტკივილის დროს ხშირად მიმართავენ, თუმცა ის შესაძლოა დამაზიანებელი იყოს. ასპირინი კბილის ტკივილს ადგილობრივად არ აყუჩებს და შესაძლოა ღრძილის გაღიზიანება გამოიწვიოს.
იმ შემთხვევაში კი, თუ ტკივილი 24-48 საათზე მეტხანს გრძელდება, სახეზეა ღრძილის ან სახის არის შეშუპება, გაქვთ ტემპერატურა, შეინიშნება პირში ჩირქოვანი გამონადენი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს.
დაჯავშნეთ ვიზიტი სტომატოლოგიურ კლინიკა „პრიმეროში“, სადაც ჩვენი კვალიფიციური ექიმები არამხოლოდ მწვავე ტკივილს მოგიხსნიან, არამედ სრულფასოვნად უმკურნალებენ მის გამომწვევ მიზეზებს.
როგორ ავიცილოთ თავიდან კბილის ტკივილი?
პრევენციას ალტერნატივა არ აქვს, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში. რაც მთავარია, პრევენციული ღონისძიებები ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე უკვე არსებული პრობლემის მკურნალობა.
იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ სტომატოლოგიური პათოლოგიები და, შესაბამისად, მისი ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი – კბილის ტკივილი, აუცილებელია:
- ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა – კბილების გახეხვა დღეში ორჯერ ფთორის შემცველი კბილის პასტით, კბილის ძაფისა და ინტერდენტალური ჯაგრისების გამოყენება;
- შაქრიანი საკვებისა და სასმელების შეზღუდვა;
- პროფილაქტიკური ვიზიტი სტომატოლოგთან ყოველ 6 თვეში ერთხელ;
- პროფესიონალური წმენდა ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
იზრუნეთ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და შეინარჩუნეთ ჯანსაღი და ლამაზი ღიმილი დიდხანს!
