ბრეკეტები კბილების გასწორების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, თუმცა სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია არა მხოლოდ კონსტრუქციის სწორად შერჩევა და ფიქსაცია, არამედ მისი მოვლაც. მოვლის პროცესში კი უმნიშვნელოვანესია სპეციფიკური კვება ბრეკეტების დაზიანების თავიდან არიდების მიზნითა და ჰიგიენური ნორმების უფრო მარტივად დასაცავად.
თუ ბრეკეტების ჩასმა გაქვთ გადაწყვეტილი ან უკვე ატარებთ მას, მაშინ ეს ბლოგი დაგეხმარებათ გაიმარტივოთ და უფრო კომფორტული გახადოთ მკურნალობის პროცესი.
რატომ უნდა აკონტროლოთ კვება ბრეკეტებით მკურნალობის დროს?
ბრეკეტები კბილებზე მუდმივი და კონტროლირებადი ზეწოლით მათ სწორ პოზიციაში გადანაცვლებას უზრუნველყოს. ამ დროს კბილები და ღრძილები უფრო მგრძნობიარე ხდება, განსაკუთრებით კონსტრუქციის ფიქსაციის ან მისი ხელახალი რეგულირების პირველ დღეებში. სწორედ ამიტომ, ორთოდონტიული მკურნალობის დროს კვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება – ზოგიერთი საკვები პროდუქტის მიღებისას შეიძლება უფრო მეტად გაღიზიანდეს პირის ღრუს მყარი და რბილი ქსოვილები, რამაც გამოიწვიოს დისკომფორტი, კბილის ტკივილი, ღრძილების ანთება და ა.შ. აგრეთვე, შეფერხდეს მკურნალობის პროცესი.
დიდია ალბათობა, რომ მყარმა, წებოვანმა ან ხრაშუნა საკვებმა ბრეკეტების დეტალები დააზიანოს. მაგალითად, ზეწოლის ან საკვების გაჭედვის შედეგად შეიძლება გამრუდდეს მავთული, რამაც კონსტრუქციის მოშლა გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ბრეკეტი იმდენად ზიანდება, რომ მისი სრულად ჩანაცვლების აუცილებლობა დგება. ცხადია, მისი ხელახლა ფიქსაცია შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც მკურნალობის ხანგრძლივობა, ისე ხარჯებიც.
კვების კონტროლი აუცილებელია ჰიგიენის თვალსაზრისითაც. ბრეკეტების ცარიელ ადგილებში ადვილად რჩება საკვების ნარჩენები. შესაბამისად, იზრდება ბაქტერიების გავრცელების, ნადების დაგროვების, მინანქრის დაზიანების, კარიესისა და ღრძილების ანთების განვითარების რისკი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კბილების სათანადოდ გასუფთავებას, არამედ ისეთი პროდუქტების შერჩევასაც, რომლებიც ნაკლებად გროვდება კონსტრუქციის ცარიელ სივრცეებში. პრობლემურია შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები და გაზიანი სასმელებიც, რომლებიც ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს.
ქვემოთ შემოგთავაზებთ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელთა დახმარებითაც შეგეძლებათ შეამციროთ კბილებზე დატვირთვა და ბრეკეტების დაზიანების რისკი. შედეგად, თავიდან აირიდებთ ექიმთან დაუგეგმავ ვიზიტებს, დაზოგავთ თანხებს და, რაც მთავარია, ხელს შეუწყობთ მკურნალობის პროცესს.
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კბილების გასწორება თუ თანკბილვის ნორმალიზება საკმაოდ კომპლექსური პროცესია და წარმატებული მკურნალობისთვის მხოლოდ რეკომენდაციების დაცვა საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი გეგმის შემუშავებაა, რაც აუცილებლად გამოცდილ სტომატოლოგებს უნდა მიანდოთ.
რა ტიპის საკვები პროდუქტები უნდა შეზღუდოთ?
ბრეკეტებით მკურნალობისას აუცილებელი არ არის მკაცრი დიეტის დაცვა, თუმცა გარკვეული პროდუქტების შეზღუდვა მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ბრეკეტების დაზიანების, ისე გართულებების რისკს.
მყარი საკვები
მყარი პროდუქტები ბრეკეტებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მათი ჩაკბეჩისას კონსტრუქციაზე ზეწოლა განსაკუთრებით იზრდება. შესაბამისად, იმატებს ბრეკეტების დეტალების დაზიანების რისკი.
სასურველია, მოერიდოთ თხილეულს, თესლეულს, ბატიბუტს, ძალიან მაგარ ორცხობილებსა და გამომშრალ პურს. თუ მსგავსი საკვების მიღება მაინც გიწევთ, ეცადეთ, ის მცირე ზომის ნაჭრებად დაჭრათ ან დატეხოთ და უკანა კბილებით ფრთხილად დაღეჭოთ.
წებოვანი და ბლანტი პროდუქტები
წებოვანი საკვები ადვილად ეკვრის ბრეკეტებსა და მავთულს, რის გამოც მისი სრულად გასუფთავება რთულდება. ამ დროს იზრდება როგორც ბრეკეტების დაზიანების, ისე ბაქტერიების დაგროვების რისკი.
უმჯობესია, დროებით უარი თქვათ კარამელზე და მსგავს პროდუქტებზე, საღეჭ კანფეტებზე, საღეჭ რეზინზე, ნუგაზე და ა.შ. თუ მათ მაინც მიიღებთ, შეეცადეთ დროულად ჩაიტაროთ სრულფასოვანი ჰიგიენური პროცედურები.
ხრაშუნა ხილი და ბოსტნეული
მართალია, ვაშლი, მსხალი, სტაფილო და სხვა მყარი ხილი თუ ბოსტნეული სასარგებლოა, თუმცა მათი პირდაპირ ჩაკბეჩა ბრეკეტებისთვის შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს.
ცხადია, მათზე უარი სრულად არ უნდა თქვათ, თუმცა შეეცადეთ ისინი ჯერ პატარა ნაჭრებად დაჭრათ ან დარბილების მიზნით ოდნავ მოხარშოთ ან ღუმელში გამოაცხოთ. ასე შეძლებთ სასარგებლო ნივთიერებების მიღებასაც და ბრეკეტების დაზიანებისგან დაცვასაც.
ტკბილი და გაზიანი სასმელები
კარგად ვიცით, რომ შაქრის მაღალი შემცველობის სასმელების შეზღუდვა ან სრულად ამოღება სასიკეთოა არა მხოლოდ პირის ღრუსთვის, არამედ ზოგადი ჯანმრთელობისთვის. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბრეკეტებით მკურნალობის დროს, რათა კიდევ უფრო არ შევუწყოთ ხელი ბაქტერიების გავრცელებას.
თუ მათ მაინც მიიღებთ, დააყოლეთ ან გამოივლეთ წყალი, რადგან ის პირის ღრუს გაწმენდის საუკეთესო საშუალებაა. აგრეთვე, წყალი დაგეხმარებათ ნერწყვის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებაში.
რომელი საკვებია რეკომენდებული?
ბრეკეტებით მკურნალობისას, განსაკუთრებით მათი ფიქსაციის პირველი რამდენიმე დღე უმჯობესია რბილი, ადვილად დასაღეჭი საკვები მიიღოთ. შეძლებისდაგვარად არჩევანი გააკეთეთ იოგურტსა და მაწონზე, სუპებზე, ბოსტნეულის პიურეზე, მოხარშულ ბოსტნეულზე, გამომცხვარ ხილზე, კარგად მოხარშული ბრინჯზე, მაკარონზე, თევზზე, ქათმის რბილ ხორცზე, ბანანზე, ავოკადოზე და სხვა რბილი პროდუქტებზე.
როგორ დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა?
ბრეკეტების ტარების პერიოდში არანაკლებ მნიშვნელოვანია პირის ღრუს ყოველდღიური და საფუძვლიანი მოვლა. ბრეკეტების კონსტრუქცია ქმნის დამატებით სივრცეებს, სადაც საკვების ნარჩენები ადვილად გროვდება. ამიტომ რეკომენდებულია:
- კბილების გახეხვა ყოველი კვების შემდეგ ან დღეში მინიმუმ ორჯერ;
- რბილი ჯაგრისის ან სპეციალური ორთოდონტიული ჯაგრისის გამოყენება;
- ინტერდენტალური ჯაგრისებით ბრეკეტებისა და მავთულის გარშემო არსებული სივრცეების გაწმენდა;
- კბილის ძაფის ან ირიგატორის გამოყენება ძნელად მისადგომი ადგილების გასაწმენდად;
- პროფესიული კბილის წმენდის პროცედურების რეგულარულად ჩატარება სტომატოლოგის რეკომენდაციის შესაბამისად.
ჰიგიენური ნორმებისა და სწორი კვების ერთდროულად დაცვა კომფორტულ მკურნალობას და საბოლოო შედეგის სასურველ ვადებში მიღებას უზრუნველყოფს. „პრიმერო“, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკაა თბილისში, უახლესი აპარატურის, თანამედროვე ორთოდონტიული კონსტრუქციებისა და კვალიფიციური გუნდის დახმარებით, ამ პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.
რეგულარული ვიზიტები ორთოდონტთან – წარმატებული მკურნალობის აუცილებელი პირობა
ბრეკეტებით მკურნალობა მხოლოდ კონსტრუქციის ჩასმით არ სრულდება. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია ორთოდონტთან რეგულარული ვიზიტები, რომლებიც, როგორც წესი, ყოველ 4-8 კვირაში ერთხელ ინიშნება. ვიზიტების სიხშირე დამოკიდებულია მკურნალობის ეტაპსა და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
ასეთი ვიზიტების დროს ექიმი აფასებს, სწორად მიმდინარეობს თუ არა კბილების გადაადგილების პროცესი და ახდენს ბრეკეტების რეგულირებას. შესაძლოა ასევე საჭირო გახდეს ბრეკეტის მავთულის შეცვლა ან დაჭიმვა, ელასტიკური რგოლების (ლიგატურების) შეცვლა და კონსტრუქციის დაზიანებული დეტალების აღდგენა. ასევე, ვიზიტის დროს ფასდება პირის ღრუსა და ღრძილების ზოგადი მდგომარეობა და გაიცემა ინდივიდუალური რეკომენდაციები.
თუ გსურთ სტომატოლოგთან ჩაწერა, ვიზიტისთვის დაგვირეკეთ ნომრებზე +995 597 268 787 / +995 596 268 787.
