კბილების გასწორება შეიძლება როგორც ბრეკეტებით ასევე ელაინერებით

კბილების გასწორება – ბრეკეტები თუ ელაინერები?

ორთოდონტიული მკურნალობის დანიშნულება მხოლოდ ლამაზი ღიმილის მიღწევა კი არა, პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებაცაა. მეტიც, ეს უკანასკნელი გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ვიზუალური შედეგი. 

რა შემთხვევებში უნდა ავირჩიოთ ბრეკეტები?

ბრეკეტები ორთოდონტიული მკურნალობის დროს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ეფექტიანი მეთოდია. ისინი კბილებზე მუდმივ, კონტროლირებად ზეწოლას ახდენს, რის შედეგადაც კბილები ეტაპობრივად სწორ პოზიციაში ინაცვლებს.

დღეს ხელმისაწვდომია ბრეკეტების რამდენიმე ტიპი. ყველაზე გავრცელებულია მეტალის ლიგატურიანი ბრეკეტები, რომლებიც განსაკუთრებული სიმტკიცით გამოირჩევა. პაციენტებს, რომელთათვისაც ესთეტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, შეუძლიათ არჩევანი საფირის ბრეკეტებზე გააკეთონ. ის გამჭვირვალე მასალისგან მზადდება და კბილებზე ნაკლებად შესამჩნევია. უფრო თანამედროვე ალტერნატივას თვითლიგირებადი ბრეკეტები წარმოადგენს, რომლებიც სპეციალური ჩამკეტი მექანიზმითაა აღჭურვილი. მისი კონტროლის და რეგულირების საჭიროება ნაკლებია, შესაბამისად, ექიმთან ვიზიტებიც უფრო იშვიათად იგეგმება. 

ბრეკეტებით მკურნალობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ შედეგი ნაკლებად არის დამოკიდებული პაციენტის დისციპლინაზე. კონსტრუქცია მუდმივადაა კბილებზე დაფიქსირებული, რაც პაციენტს უხსნის მისი კონტროლის ვალდებულებას. 

ბრეკეტების მოვლა და ჰიგიენა

ბრეკეტებით მკურნალობის დროს პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან კონსტრუქციის გარშემო საკვების ნარჩენები და ნადები მარტივად გროვდება. არასათანადო ჰიგიენამ შესაძლოა გაზარდოს მინანქრის დაზიანების, კარიესისა და ღრძილების ანთების განვითარების რისკი. ამიტომ მნიშვნელოვანია, დაიცვათ ყოველდღიური მოვლის წესები. 

როდის ენიჭება უპირატესობა ელაინერებს?

ელაინერით კბილების გასწორებას განსაკუთრებით ხშირად ზრდასრული პაციენტები ითხოვენ, რომელთაც სურთ მკურნალობის პროცესმა მაქსიმალურად შეუმჩნევლად ჩაიაროს. აღნიშნული კონსტრუქციები პრაქტიკულად უხილავია ღიმილისა და საუბრის დროს, არ შეიცავს მეტალის ელემენტებს და მნიშვნელოვნად ამცირებს ლორწოვანის გაღიზიანების ალბათობას. გარდა ესთეტიკისა, ელაინერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მოხსნის შესაძლებლობაა, რაც საკმაოდ კომფორტულია ჭამის, ტკბილი სასმელების მიღებისა და კბილების გახეხვის დროს.

მიუხედავად მისი უპირატესობებისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ კბილების გასწორება კაპებით ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არ არის. ის ყველა სირთულის პრობლემას ერთნაირი წარმატებით ვერ უმკლავდება და მიზანშეწონილია მსუბუქი და საშუალო სირთულის ორთოდონტიული დარღვევების დროს, კბილებს შორის მცირე დაშორებების არსებობისას და თანკბილვის მსუბუქი პათოლოგიების შემთხვევაში. 

ელაინერების მოვლა და ჰიგიენა

როგორც აღვნიშნეთ, ელაინერების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ჭამისა და ჰიგიენური პროცედურების დროს მათი მოხსნის შესაძლებლობაა, რაც პირის ღრუს მოვლას ამარტივებს. მიუხედავად ამისა, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. 

ყოველი ჭამის შემდეგ, ელაინერის ხელახლა მოთავსებამდე, რეკომენდებულია კბილების გახეხვა, რათა საკვების ნარჩენები და ბაქტერიები კაპის ქვეშ არ მოხვდეს. თავად ელაინერები ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს რბილი ჯაგრისითა და თბილი წყლით ან სპეციალური საწმენდი ხსნარით. არ არის რეკომენდებული ცხელი წყლის გამოყენება, რადგან შესაძლოა კონსტრუქციას ფორმა შეეცვალოს და მკურნალობამ ეფექტი დაკარგოს. დაბოლოს, მოხსნილი ელაინერი ყოველთვის სპეციალურ კონტეინერში შეინახეთ, რათა თავიდან აიცილოთ მისი დაბინძურება ან დაზიანება.

რატომ არის დიაგნოსტიკა გადამწყვეტი?

ორთოდონტიული მკურნალობისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა კონსტრუქციის ვიზუალური ან ფინანსური ფაქტორის მიხედვით შერჩევაა. პირველ რიგში, აუცილებელია დეტალური დიაგნოსტიკა, რაც ორთოდონტის მიერ პირის ღრუს ზოგადი შეფასებით იწყება. შემდეგ ეტაპზე კი რენტგენოლოგიური კვლევა, ციფრული 3D სკანირება და სხვა დიაგნოსტიკური პროცედურები უნდა ჩატარდეს. მიღებული შედეგები ექიმს მკურნალობის მაქსიმალურად ზუსტი გეგმის შედგენაში ეხმარება. 

ამგვარი კომპლექსური მიდგომით სპეციალისტს შეუძლია მკურნალობის პროცესი გახადოს მაქსიმალურად კომფორტული, შეუმჩნეველი და, რაც მთავარია, წარმატებული.